საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. 20 ნოემბრის ღამეს დაკავებულ სამშენებლო კომპანია NCC-ის გენერალურ დირექტორ გეგა ქელბაქიანსა და ამავე კომპანიის ფინანსურ მენეჯერ არჩილ ჩოგოვაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. ამის შესახებ ქელბაქიანის ადვოკატმა ირაკლი ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ქელბაქიანსა და ჩოგოვაძეს ბრალი ედებათ საქართველოს სს კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს და 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამასთან, ამავე პირების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება რიყეზე მდებარე „ბუდა ბარის“ საკუთრების კანონიერების შესახებ.ქელბაქიანის დაკავებას დედაქალაქის მერი გიგი უგულავა თვითმმართველობასა და პირადად მასზე ზეწოლის საშუალებად აფასებს, ვინაიდან NCC-ის გენდირექტორი მისი მეგობარია.
საქართველოს შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით კი, ქელბაქიანის საქმეზე გამოკვეთილია ძალიან მძიმე დანაშაული, რომლის სიმძიმიდან გამომდინარე, კომპანიის გენდირექტორის დაკავება სრულებით სამართლიანია. „აღმოვაჩინეთ, რომ ეს პიროვნება ეწეოდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას. ჩვენი მიზანი არ იყო, აღმოგვეჩინა კვალი ბატონ უგულავაზე გასასვლელად. ეს იყო აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი. მივიღეთ ოპერატიული ინფორმაცია და ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედეთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, არცერთი დაკავება პოლიტიკური ნიშნით განპირობებული არ ყოფილა და სინამდვილეში ეს ბუნებრივი პროცესია. მინისტრის განმარტებით, ქელბაქიანს ბრალად ედება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და სახელმწიფოს კუთვნილი სახსრების მითვისება.