პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: „აფხაზების პირობების წამოყენების შემთხვევაში მოლაპარაკებათა პროცესი ვერ დაიწყება!“

1-zaqar-politika1საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და მისი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა არსებულ ფორმატში დისკუსიების გაგრძელების მნიშვნელობასა და აუცილებლობას, შეეხნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციასა და საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმებს.

ზაქარეიშვილი თვლის, რომ ჟენევის ფორმატის რესურსი არ ამოწურულა, მაგრამ აფხაზების პირობების წამოყენების შემთხვევაში მოლაპარაკებათა პროცესი ვერ დაიწყება.

აღნიშნული განმარტება ზაქარეიშვილმა აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადების შემდეგ გააკეთა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს რეინტეგრაციის ახალი მინისტრი, ნებისმიერი მიდგომის მიუხედავად, მაინც ორიენტირებულია აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაზე. აფხაზური მხარის განცხადებით, ამ ფაქტს ვერ გადაფარავს ახალი ხელისუფლების დაპირებები აფხაზეთის დეიზოლაციისა და რკინიგზის მიმოსვლის აღდგენის შესახებ.

„ჩვენ სამშვიდობო პროცესს ვიწყებთ. ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გეგმაზომიერი, მშვიდი, წყნარი სამშვიდობო პროცესი განვახორციელოთ ყოველგვარი  აღელვებისა და ყოველგვარი სამხედრო, მილიტარისტული, თუ აგრესიული რიტორიკის გარეშე“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, ორმხრივი ურთიერთობა ორმხრივი ნების საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს: „პრინციპები აქვთ აფხაზებსაც, გვაქვს ჩვენც, მაგრამ ჩვენ არ ვუყენებთ პირობებს აფხაზებს და ისინი თუ გვიყენებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაც მათ უნდათ, ვერ შესრულდება“.

ცნობისათვის: როგორც აფხაზეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აფხაზური მხარე საკმაოდ ინფორმირებულია იმისათვის, რომ არ გაებას აფხაზეთის გარშემო დაგებულ ვინმეს პოლიტიკურ-დიპლომატიურ მახეში.

პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთის საგარეო უწყების საპასუხოდ ოფიციალური განცხადების გაკეთებას არ აპირებს.

ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 11-12 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.