სამართალი
სასამართლომ გიორგი კალანდაძე გირაოს გარეშე გაათავისუფლა

1-kalandaze-smarrrrსაქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე გირაოს გარეშე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურატურა კალანდაძის ახალ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც სს კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა პროკურორმა ვერ დაასაბუთა, რის საფუძველზე აცხადებდა ბრალდების მხარე, რომ კალანდაძის მხრიდან ქვეყნის დატოვებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არსებობს. პროკურორმა ვერ დაასახელა ვერც კალანდაძის უცხოეთში მყოფი რომელიმე ახლობლის ვინაობა.

კალანდაძის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღმკვეთ ღონისძიებად არასაპატიმრო სახე – 3-ათასლარიანი გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ბრალდება ერთი საქმის ნაწილია და, შესაბამისად, გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ პროკურატურის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. ადვოკატ გოგიტა გაბაიძის განმარტებით, სასამართლომ გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს არ შეუფარდა აღმკვეთი ღონისძიება იმიტომ, რომ აღნიშნულ საქმეზე კალანდაძეს 9 და 13 ნოემბერს უკვე შეეფარდა გირაოს თანხის გადახდა.

პროკურატურას აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში – 48 საათში, შეუძლია აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით.