საზოგადოება
სერგეენკო: „მე თანამდებობაზე ვრჩები“

1-sergeen-sazogadoo2საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გავრცელებული ხმები მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ სამინისტროსა და მედიას შორის ნაკლები ურთიერთობის ბრალია და იგი თანამდებობას არ ტოვებს.

„მე ვრჩები თანამდებობაზე და მოარული ხმები, თითქოს თანამდებობა დავტოვე, სიმართლეს არ შეეფერება“, – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამ ცოტა ხნის წინ გაზეთ „რეზონანსის“ მიერ გავრცელებული ცნობით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, თუმცა მისი შემცვლელის მოძებნამდე ინფორმაცია არ ხმაურდებოდა. გამოცემის ინფორმაციით, რომელიც საკუთარ წყაროებს ეყრდნობა, უთანხმოება მმართველ გუნდსა და სერგეენკოს შორის წინა კვირას დაიწყო, როდესაც მინისტრს აცნობეს, რომ ნაქირავებ ბინაში შესახლებულ დევნილებს მხოლოდ ერთი თვის ქირით უზრუნველყოფდნენ.

„სერგეენკო თვლის, რომ ახალი მთავრობის სოციალური დაპირებების შესრულება არსებულ ვითარებაში შეუძლებელია და სწორედ ამის გამო ტოვებს თანამდებობას“, – წერდა გამოცემა.