აქტუალური
რა ბედი ელის სამშენებლო პროექტებს რიყეზე

1-Teatrii-aqtuaa2საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. რიყეზე მშენებლობები ერთ-ერთია თბილისში მიმდინარე პროექტებს შორის, რომლის გაგრძელების მიზანშეწონილობასაც დღეს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ექსპერტებთან ერთად განიხილავს.

კულტურის სამინისტროს ინიციატივით დღეს ისტორიულ უბნებში მშენებლობებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართება. შეხვედრის მიზანია, საზოგადოებასთან შეთანხმებით შემუშავდეს საერთო პოზიცია მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ურბანული განვითარების მხრივ და მოკლე ვადებში გადაწყდეს მიმდინარე პროექტების ბედი.

ეპოქალური შენობა – ასე უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა რიყეზე მშენებარე მუსიკისა და დრამის თეატრს და საგამოფენო დარბაზს. პროექტს, რომელიც პრეზიდენტისთვის 21-ე საუკუნის საუკეთესო არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. იმის გარდა, რომ პრეტენზია შენობის ვიზუალურ მხარესთან არსებობს, უცნობია, რა დაჯდა ობიექტი რიყეზე და საიდან ფინანსდებოდა მისი აშენება.

შესაძლოა, ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდეს. საქართველოს პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა უკვე განაცხადეს, რომ აღარ გეგმავენ რიყეზე მშენებლობის გაგრძელებას. ამ განცხადებებს პროექტის ავტორი, იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასი გამოეხმაურა. მისი თქმით, ის მზადაა, თბილისში სხვა ცნობილ არქიტექტორებთან ერთად ჩამოვიდეს და მისი პროექტის დასაცავად პროექტის წარმომადგენლებს შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ქალაქის მერი გიგი უგულავა იტალიაში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი პროექტის იტალიელ ავტორს შეხვდა. წუხელ კი, როგორც საქინფორმი დღეს იუწყება, სამართალდამცველებმა რიყეზე თეატრის სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი სამშენებლო კომპანია NNC-ის გენერალური დირექტორი  დააკავეს.