საზოგადოება
გამოძიება შესაძლოა კოდუას, უგულავასა და ბარამიძის საქმეებით დაინტერესდეს

1-wulukianiსაქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. გამოძიება შესაძლოა ირაკლი კოდუას, გიგი უგულავასა და გია ბარამიძის საქმეებით დაინტერესდეს. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, „თუ მტკიცებულებები შეგროვდა, ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ამ ადამიანების გვარებისა და სახელების ხსენება კანონით აკრძალული არ არის“.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძის მიმართ პროკურატურა უფლებამოსილია, ბრალის ახალი ეპიზოდით დამძიმების გამო, სასამართლოს კვლავაც მიმართოს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით. თუმცა, „სანამ მტკიცებულებებით ბრალდება არ არის გამყარებული, მისი წარდგენა არავის ემუქრება“.

წულუკიანის განცხადებით, მტკიცებულებების შეგროვების შემთხვევაში დაკითხვაზე დაიბარებენ გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილსა და დათა ახალაიას.

„თუ მთავარმა პროკურორმა კონკრეტული თანამდებობის პირების გვარები და სახელები დაასახელა და შესაბამისი განცხადება გააკეთა, მე შემიძლია ეს მხოლოდ დავადასტურო“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.