ჩეხეთის სათვისტომის წარმომადგენლის განცხადებით, ჯამალაშვილი კუდ-ში მას შემდეგ მოხვდა, რაც ალანიამ მისთვის გაგზავნილი კომპიუტერის ვირუსის წარმომავლობის დადგენა სთხოვა. ჯამალაშვილმა დაადგინა, რომ ვირუსი გაგზავნილი იყო კუდ-იდან, შესაბამისად, გატეხა და გათიშა საიტი. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა კუდ-ი ჯამალაშვილით და თანამშრომლობა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით დაემუქრა. ალანიას თქმით, ჯამალაშილს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
ჯამალაშვილის კუდ-ში მოხვედრის განსხვავებულ ვერსიაზე ლაპარაკობს მისი ადვოკატი გიორგი ფოფხაძე. მისი განცხადებით, თავდაპირველად ჯამალაშვილმა მუშაობა დაიწყო კომპიუტერული მომსახურების კომპანია „კომპსერვისში“, რის შემდგაც გადავიდა კომპანია „პრედატორში“, რომელიც კომპიუტერული თამაშების შექმნაზე მუშაობს და ამ კომპანიაში მისმა უშუალო უფროსმა გაუწია კუდ-ში რეკომენდაცია. მას შეხვდა ლელუაშვილი, ახალაიას მოადგილე, შესთავაზა მუშაობა და 16 წლის მოზარდი კუდ-ში სამუშაოდ წაიყვანეს. 17 წლისა დაინიშნა ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, იგი იყო ერთ-ერთი შემქმნელი პროგრამებისა, რომლებიც შემდგომ ცნობილ გახმაურებულ მოსმენებში იქნა გამოყენებული.
„კომპსერვისის“ დამფუძნებლის განცხადებით, ჯამალაშვილმა ახალი პროგრამების შექმნა კი არა, კუდ-ში უკვე შექმნილი პროგრამების კონფიგურაცია მოახდინა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, შსს-ის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დაკავებულმა ვასილ ჯამალაშვილმა უკანონო მოსმენების განხორციელებასთან დაკავშირებით დანაშაული აღიარა. სასამართლომ დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.