ამასთან, მათი განცხადებით, დაკავშირებული მოთხოვნის უზრუნველყოფა აუცილებლად უნდა განხორციელდეს არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი თანამონაწილეობით, რისთვისაც საჭიროა შეიქმნას არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით დამოუკიდებელი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სპეციალისტებიც. მეტიც, შსს-ის მხრიდან უკანონო მოსასმენი სისტემის დემონტაჟის პროცესს მონიტორინგი გაუწიოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ხოლო საკითხთან მიმართებით როგორც შსს, ისე იუსტიციის სამინისტრომ ანგარიში ჩააბაროს საქართველოს პარლამენტს. უნდა მოხდეს უკანონო სატელეფონო საუბრების აპარატის თუნდაც ქვეყნიდან გატანა.
„მიგვაჩნია, რომ მოცემული შემთხვევა სამართლიანობის აღდგენის და საზოგადოების სახელმწიფოსთან ნდობის საუკეთესო შესაძლებლობა და წინაპირობა იქნება“, – აცხადებენ ახალგაზრდა ადვოკატები.
ორგანიზაცია მოითხოვს, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს უკანონო მოსმენების ბრალდებით დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესის შესახებაც: „მნიშვნელოვანია, გამოძიება დაიწყოს იმ ადამიანების მიმართაც, რომლებმაც თავის დროზე აღნიშნული აპარატურა შეიძინეს, ჩამოიტანეს საქართველოში, დაამონტაჟეს და არ დაიხუროს ის მიმდინარე საქმეები, რომლებიც უკანონო მოსმენების ბრალდებით მიმდინარეობს. სასამართლო საქმის განხილვის პროცესი უნდა იყოს ღია და საჯარო“.