პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა 180 კაცი პოლიტპატიმრად გამოაცხადა

1-komitet-aqtuaa3საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 19 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა ქვეყანაში სხვადასხვა მუხლით დაკავებული 180 კაცი პოლიტპატიმრად გამოაცხადა.

კომიტეტის წევრების აზრით, კიდევ 22 კაცი პოლიტიკური დევნილია, მათ შორის, 2007 წელს დაკავებული შიდა ქართლის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი, რომელმაც შემდგომ პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში მიიღო; ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც 2008 წელს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და სხვები. ირაკლი ოქრუაშვილი ამჟამად უკვე საქართველოში იმყოფება და დაკავებულია.

ამასთან, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს შესთავაზა, განიხილონ ბოლო ხანს ქვეყანაში დაკავებულ პირთა საქმეები, რადგან, მისი აზრით, მათგან ბევრი ადამიანი პოლიტიკური მოტივითაა დაკავებული.

აღნიშნული წინადადების პასუხად ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ კომიტეტს შეუძლია განიხილოს ყველა საქმე, მაგრამ ამისათვის საჭიროა შესაბამისი განცხადებები. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში განხილულ იქნა 220 საქმე, რისი ანგარიშიც პარლამენტს უახლოეს ხანებში წარედგინება.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლების სათავეში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა, ქვეყანაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა დაკავებები დაიწყო, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებად მიიჩნევენ.