სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილი სიმართლისთვის ბრძოლას საპატიმროდან გააგრძელებს

1-oqrua-samarTaaa3საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, შს ექსმინისტრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს, დილით, 20 ნოემბერს,  საქართველოში დაბრუნდა. დღესვე, 20 ნოემბერს, 16 საათზე იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე წარდგება, სადაც სისხლის სამართლის კოლეგია მის საქმეს განიხილავს.

„ქართული პარტიის“ პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილი დაბრუნდა, რათა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და იგი მზადაა, საპატიმროდან გააგრძელოს სიმართლისათვის ბრძოლა, გაასაჩივროს მის მიმართ წაყენებული უკანონო განაჩენი და დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ამის იმედს მას ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები აძლევს.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 27 სექტემბერს ირაკლი ოქრუაშვილი მის მიერ შექმნილი პარტია „ერთიანი საქართველოსათვის“ ოფისში დააკავეს. ექსმინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, პარლამენტი ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს, თუმცა „ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ყველა სავარაუდო ბრალდებასთან დაკავშირებით უდანაშაულოა. ამას გამოძიება სჭირდება. არსებობს არაერთი სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ორგანიზებასთან დაკავშირებული ბრალდება 2011 წლის მაისის მოვლენების წინ“.

წულუკიანის ვარაუდით, ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნების მოტივი ისაა, რომ მან თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. მისივე განმარტებით, ოქრუაშვილი, როგორც ძებნილი, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას დააკავეს.