სამართალი
ახალი მტკიცებულებები ახალაიასა და კალანდაძის საქმეებში

1-kaland-samarTa1საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. პროკურატურა ახალ მტკიცებულებებს ავრცელებს. მოწმეების ახალი ჩვენებები ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის საქმეებს ეხება.

გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძისადმი წაყენებული ახალი ბრალდება ეხება ზვიად აბესაძის იმ ეპიზოდს, რისთვისაც ბაჩო ახალაიას წარედგინა ბრალი. უწყებამ საკუთარ ვებგვერდზე გუშინ ორი ჩვენება გაავრცელა, სადაც ერთ-ერთი მოწმე და ერთ-ერთი დაზარალებული დეტალურად ჰყვებიან 2011 წლის 13 სექტემბერს რესტორანში მომხდარი ეპიზოდის შესახებ, სადაც იმყოფებოდნენ ბაჩო ახალაია და გიორგი კალანდაძე და დაზარალებულ ზვიად აბესაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეუაცხყოფა მიაყენეს.

შეგახსენებთ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით 2012 წლის 6 ნოემბერს საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე.

ჩადენილი დანაშაულისთვის ბაჩანა ახალაიას, გაგა მკურნალიძეს, გიორგი კალანდაძეს, მანუჩარ დარასელიას და გიორგი კინწურაშვილს წარედგინათ ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

გიორგი კალანდაძისთვის ახალი ბრალის წაყენების შემდეგ მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.