სოციალურად დაუცველი 21 ოჯახი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს აცხადებს
საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. სოციალურად დაუცველმა 21 ოჯახმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. მათი განცხადებით, მოქალაქეობაზე უარის თქმისთვის აუცილებელი პროცედურების გავლა უკვე დაიწყეს – დახმარების სათხოვნელად ისინი შვეიცარიის საელჩოს მიმართავენ და შესაძლოა, იქ კარვებიც გაშალონ.
„სწორედ შვეიცარია აფინანსებდა სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილ პროექტებს საქართველოში და თუ მათ უნდათ, რომ ჩვენზე იზრუნონ, ჩვენ მივმართავთ თხოვნით, რომ მოქალაქეობაზე უარის თქმის შემდეგ წაგვიყვანონ თავიანთ ქვეყანაში და მოგვცენ შესაბამისი საცხოვრებელი პირობები, რადგან საქართველოში ჩვენ ამას ვერ ვეღირსეთ. თბილისის მერიას უამრავჯერ მივმართეთ იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება, თუმცა დღესაც არ მომხდარა ეს. ჩვენ შევედით რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოში, სადაც არც შუქია, არც წყალია და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ გაგვაჩნია“, – განაცხადა სოციალურად დაუცველმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.