აქტუალური
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია

1-komitet-aqtuaa3საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილებოდა პოლიტიკური პატიმრისა და პოლიტიკური დევნის დეფინიციის საკითხები. მუშა კომისიამ განსახილველად 180-კაციანი სია წარადგინა. კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დაასახელა რამდენიმე ადამიანი – მათ შორის, ბადრი ბიწაძე, ირაკლი ოქრუაშვილი,  ქიბარ ხალვაში, გენადი არჩვაძე, ბიძინა გიორგობინაი, მელიქ რაისიანი, იასონ ჩიხლაძე,  ნიაზ ხალვაში და სხვ. – რომელთა საქმისათვის დამატებითი ინფორმაციების წარდგენა მოითხოვა, რათა ისინი ცნობილი ყოფილიყვნენ როგორც პოლიტიკურად დევნილნი.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ეს არის „შინაურ პატიმართა ნუსხა“, უფლებადამცველმა  ნანა კაკაბაძემ კი აღნიშნა: „ჩვენ არ ვეხებით დანაშაულებრივ მხარეს, ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ მოტივებზე – იყო თუ არა ამ ადამიანების გასვლა ქვეყნიდან პოლიტიკური ანგარიშსწორება“.

კომიტეტის სხდომაზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა არ იგეგმებოდა, თუმცა ამ თემას მაინც შეეხნენ. სწორედ დავით საყვარელიძემ დააყენა საკითხი, უმცირესობას მისცემოდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. იგი ნაწილობრივ უჭერს მხარს კანონპროექტს, თუმცა იქვე აშინებს მისი „მასშტაბურობა და ქაოტურობა“ და გაიხსენა ჯაბა იოსელიანის დროს დიდი ამნისტია, რამაც სავალალო შედეგები გამოიღო.

პოლემიკაში ჩაერთო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაიაც, რომელსაც თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მიუთითა, რომ დეფინიცია „კრიმინალური მენტალიტეტი“ არ გამოეყენებინა ქართველი ერის მისამართით და აქცენტი გააკეთა მის ასაკზე, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ამნისტიის პროექტის განხილვა გაგრძელდება, რადგან თავისი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია შს და სასჯელაღსრულების სამინისტროებს, ამასთან, სრულად არ არის მიღებული მთავრობის შენიშვნები. მისი თქმით, „უნდა ვიაროთ კონსესუსის გზით, და პრინციპი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იგრძნოს ამნისტიის – ამ ჰუმანური აქტის – სიკეთე და დაცული იყოს საზოგადოებრივი აზრის ინტერესები მისი უსაფრთხოების კუთხით“.