პოლიტიკა
ირაკლი ალასანია ფილიპ გორდონს შეხვდა

1-alasaa-politika1საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონს შეხვდა. მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშორმლობის საკითხებზე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ავღანეთში ISAF-ის საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრეს. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველო კვლავ რჩება აშშ-ის სანდო პარტნიორად და მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო უსაფრთხოებაში. როგორც საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ მისიისშემდგომ პერიოდშიც დაეხმარებიან.

თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2013 წლის პირველ ნახევარში დაგეგმილ ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტსაც საქართველოში.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. აშშ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს განვითარებასა და ნატოსთან თავსებადობის მიღწევაში ეხმარება. სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, თავდაცვით საბრძოლო საინჟინრო სფეროში წვრთნასა და განათლებას, დამხმარე ვერტმფრენების პარკის მოდერნიზებაში მხარდაჭერას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.