ვიდრე საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმებს ითვლიდნენ, 9 ოქტომბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც დსთ-თან გაფორმებული კიდევ ერთი ხელშეკრულება დაარღვია (იმ 75-დან, რომელთაგან, საქართველომ დატოვა რა დსთ, არ გამოსულა). ამჯერად „სახელმწიფოთაშორის ფელდეგერული კავშირის შესახებ“ 1993 წლის 22 იანვარს დადებულმა შეთანხმებამ შეწყვიტა მოქმედება. მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა უკვე სათუო იყო (მხოლოდ სააკაშვილი იმშვიდებდა თავს იმით, რომ მაჟორიტარების ხარჯზე შეინარჩუნებდა უმრავლესობას), მან დსთ-ის კიდევ ერთი შეთანხმების დარღვევისთვის მოიცალა.
ზოგადად, დსთ-ის მიმართ არარაციონალური დამოკიდებულება მისი შექმნის მომენტიდან ახასიათებდა ქართულ პოლიტიკას. ზვიად გამსახურდია, რომელიც „რუსეთის იმპერიისგან საქართველოს გათავისუფლების“ ლოზუნგით მოვიდა ხელისუფლებაში, სულ რაღაც ერთ წელიწადში, მისივე სიტყვებით, „მოდერნიზებულ იმპერიაში“ შესვლაზე განაცხადს ვერ გააკეთებდა. საქართველოში დღესაც ბევრს მიაჩნია, რომ ედუარდ შევარდნაძემ საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად „შეათრია საქართველო დსთ-ში“. თუმცა თანამეგობრობაში წევრობას აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ ზიანი აღარ მოუყენებია, მაგრამ არც სასიკეთო მოუტანია რამე.საქართველოსთვის სისხლხორცეულ საკითხს – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ერთი ნაბიჯითაც არ წაუწევია წინ, თუმცა იმ წლებში სიტყვიერად გამოხატული მხარდაჭერა არც დასავლეთს დაუზარებია და არც რუსეთს. 2008 წლის 26 აგვისტოს კი,ამავე წლის 8-12 აგვისტოს სამხედრო ოპერაციის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
„პრონაციონალური“ ექსპერტები მოვლენების ქრონოლოგიას ისე წარმოაჩენენ, როგორც მიხეილ სააკაშვილს აძლევს ხელს. ისინი ამტკიცებენ, რომ ჯერ რუსეთმა აღიარა ორი სახელმწიფო საქართველოს ტერიტორიაზე და მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადა საქართველომ დსთ-დან გამოსვლის შესახებ. სინამდვილეში 2008 წლის 14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილებები, რომელთა თანახმად, საქართველოს მიმართ შეწყვიტა მოქმედება „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ“ 1991 წლის 8 დეკემბრის შეთანხმებამ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს 1993 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით დამტკიცებულმა დსთ-ის წესდებამ და „ეკონომიკური კავშირის შექმნის შესახებ“ 1993 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულებამ. ამ დადგენილებების საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის 18 აგვისტოს დსთ-ის აღმასრულებელ კომიტეტს აცნობა დსთ-დან საქართველოს გამოსვლის შესახებ.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის 26 აგვისტოს სცნო. დსთ-ის წესდებით, თანამეგობრობიდან გასვლა ოფიციალურად ერთი წლისთავზე უნდა შესულიყო ძალაში და ასეც მოხდა: დსთ-დან გამოსულად ოფიციალურად საქართველო 2009 წლის აგვისტოდან ითვლება. ამდენად, საქართველოს ხელისუფლებამ დანაშაულებრივი ნაბიჯი გადადგა თანამეგობრობიდან გასვლის განცხადებით და ამით რუსეთს ხელ-ფეხი გაუხსნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამაც ფეხქვეშ გათელა დსთ-ის წესდება, რომლის თანახმადაც, ხელშემკვრელ მხარეებს არ შეიძლება, ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდეთ ერთმანეთთან და, მით უფრო, ერთმანეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობა სცნონ.
დსთ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეობის აღიარებას ეყრდნობა. უფრო დაზუსტებით, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარებაზე დგას, მაგრამ თუკი რომელიმე წევრი სახელმწიფო ტოვებს თანამეგობრობას, იგი თავად ამბობს უარს ამ შეთანხმებაზე. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, მხოლოდ დსთ-დან გასვლამ როდი გაუხსნა ხელ-ფეხი რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის. საამისოდ ნოყიერი ნიადაგი დასავლეთის მიერ სერბეთის განუყოფელი ნაწილის – კოსოვოს, დამოუკიდებლობის აღიარებამ შექმნა.
დსთ-ში შესვლის შემდეგ კიდევ 15 წლის განმავლობაში აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება რუსეთს თავშიც არ მოსვლია, თუმცა ოსები და აფხაზები ამას მუდმივად სთხოვდნენ. თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოებისთვის კუთვნილი პრეფერენციებით მთელი იმ წლების განმავლობაში საქართველოდან მხოლოდ არაქართველები სარგებლობდნენ, ეს კი უფასო ჯანდაცვისა და უმაღლესი განათლების პროგრამები იყო, ხოლო ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრობლობაში დსთ-ის შეღავათები ირაკლი ოქრუაშვილის, იმავე „ოქროს“, ფეკალიებს გადავაყოლეთ.
გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სააკაშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა: „დღემდე მახსოვს, როგორ შევხვდით მე და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს პირველად. ეს იყო პეტერბურგში, კონსტანტინეს სასახლეში. მე მივედი მასთან და ვუთხარი: „თქვენ იცით, ახლა ძალიან ბევრი პრობლემაა რეგიონში, საქართველოს არაღიარებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, როგორც რუსეთის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა თქვენ შეძლოთ და რაღაც კომპრომისები მონახოთ, ისეთი, რომელიც ყველასთვის ხელსაყრელი იქნება და საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს მათ რეინტეგრაციას საქართველოს შემადგენლობაში“.
ორი პრეზიდენტის ბოლო შეხვედრა ასტანაში შედგა. მედვედევმა კვლავ შესთავაზა მას სოჭში ჩასვლა და ყველა პრობლემაზე მშვიდ ვითარებაში საუბარი. სააკაშვილი დაეთანხმა. „ამის შემდეგ მე ერთი თვის განმავლობაში ვამოწმებდი, არის თუ არა ქართველი ლიდერისგან რაიმე ინფორმაცია. არაფერი ყოფილა. სამაგიეროდ, საქართველოში მოუხშირეს ვიზიტებს ოკეანის გაღმიდან, იყო აშშ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის ვიზიტი, რის შემდეგაც ჩემმა კოლეგამ ჩემთან კავშირი დაკარგა. მიატოვა წერა, დარეკვა და, ზოგადად, კავშირზე გამოსვლა. როგორც ჩანს, ახალი გეგმები გაჩნდა, რომელთა რეალიზებაც შემდგომში მოხდა“ (საუბარია 2008 წლის ივლისზე, აგვისტოს ომამდე ერთი თვე იყო დარჩენილი).
კავშირის იმგვარი დაკარგვა, რომელზეც მედვედევმა ილაპარაკა, აგვისტოს ომისას კიდევ ერთხელ მოხდა, ამჯერად სააკაშვილს სომხეთის ხელისუფლებამ ვერ მიაგნო. ვიკილიქსზე გამოქვეყნდა მასალები, სადაც 2008 წლის ომის დღეებია აღწერილი. სომხეთში აშშ-ის დროებითი წარმომადგენლის, ჯოზეფ პენინგტონის, წერილიდან ირკვევა, რომ საომარი მოქმედებების დროს სომხეთის ხელმძღვანელობის სატელეფონო ზარებს ქართული მხარე უბრალოდ არ პასუხობდა. იმ დღეებში სომხეთს სერიოზული პრობლემები შეექმნა სურსათით მომარაგებაში, რაც საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ხიდის აფეთქებამ გამოიწვია. პენინგტონი წერს, რომ სომხური მხარე რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა საქართველოსთან კონტაქტის დამყარებას. 15 აგვისტოს დილით „ზვარტნოცის“ აეროპორტში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა სომეხ კოლეგა ედვარდ ნალბანდიანთან შეხვედრაზე. პენინგტონთან შეხვედრისას ნალბანდიანმა განაცხადა, რომ სომხეთი თავს არიდებს ნებისმიერ ნეგატიურ განცხადებას საქართველოს მისამართით, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ამას შეიძლება სომხების მწვავე რეაქცია მოჰყვეს. ამერიკელმა დიპლომატმა მას უპასუხა, რომ თავადაც ცდილობდა რამდენიმე დღის განმავლობაში სერჟ სარგსიანის სააკაშვილთან დაკავშირებას, მაგრამ – ამაოდ.
ამერიკელი დიპლომატი, ასევე, მიუთითებს, რომ საზღვრის დაკეტვის გამო შეყოვნდა სომხეთში მომავალი ტვირთები: 30 ვაგონი მარცვლეულით, დიზელის საწვავით, ნავთით. ისინი სადახლოს სასაზღვრო-საბაჟო გადასასვლელზე გააჩერეს. სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთი გააჩერეს ფოთის პორტშიც. გაზის მიწოდება განახევრდა, თუმცა რუსეთიდან საქართველოს იგი უწყვეტად მოეწოდებოდა. 9 აგვისტოს სომხეთში საავიაციო საწვავის მხოლოდ 6 დღის მარაგი იყო დარჩენილი. სომხეთის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართა, რათა დაეყოლიებინათ საქართველო ტვირთების გამოტარებაზე.
2008 წლის აგვისტოში მიმდინარე მოვლენების მთელი ეს აღწერა გასაკვირი არ არის. სომხეთის ხელმძღვანელობა ვერანაირად ვერ დაუკავშირდებოდა ქართველ კოლეგებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თითქმის მთელი მმართველი ელიტა ქვეყნის საზღვრებს იყო მიმწყდარი და გაქცევას ლამობდა. გასაკვირი მხოლოდ ის არის, რომ ამის შესახებ, ბადრი ბიწაძისგან (საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი) განსხვავებით, არც ამერიკელები და არც სომხები ინფორმირებული არ ყოფილან.
შორს წაგვიყვანს იმაზე ლაპარაკი, რომ კოსოვოს პრეცედენტი „სულ სხვაა“, მაგრამ რომ არა ეს პრეცედენტი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება რუსეთისთვის ასე იოლი ვერ გახდებოდა. სააკაშვილმა შეიძლება ბევრი იქირქილოს ნაურუსა და ვენესუელაზე, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მერე რა, თუ დასავლეთი არ აღიარებს ამ ორ წარმონაქმნს, ამის პრეცედენტიც უამრავია: ჩრდილოეთ კვიპროსს თურქეთის გარდა არავინ აღიარებს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ნატოში მისი ყოფნისთვის. თავის მხრივ, საბერძნეთი მაკედონიას არ აღიარებს, კოსოვოს – რუსეთი და ა.შ.
იმის მოიმედეობა, რომ დასავლეთი ამ ორი ტერიტორიის რუსეთის მიერ აღიარებაზე რაიმე მნიშვნელოვან რეაქციას მისცემდა, 2008 წლის სექტემბერშივე დასრულდა – დასავლეთს რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ მიუღია. ან რა სანქციები უნდა მიეღო – გაზისა და ნავთობის გარეშე დატოვებდა საკუთარ თავს, თუ საქართველოსავით, რუსეთის უზარმაზარ ბაზარზე იტყოდა უარს? პირიქით, ახალი სადემარკაციო ზოლი უკვე მკვეთრად ყოფს რუსეთისა და დასავლეთის გავლენის ზონებს და მისი წყალობით დასავლეთს შეუძლია მშვიდად იყოს თავისი ნავთობსადენის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ვითარება შეიცვალა, მაგრამ საქართველოსთვის თითქოს არაფერი იცვლება: დასავლეთი და რუსეთი საკუთარი ინტერესების დაბალანსებას საქართველოს ხარჯზე ახერხებენ. სააკაშვილის ხელისუფლებამ კი მოახერხა და სტამბოლის სამიტის შემდეგ საქართველოდან მთლიანად გაყვანილი რუსული ბაზები ტრიუმფალურად დააბრუნა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში!
რას უნდა ველოდეთ ახლა, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა? ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 1 ნოემბერს განაცხადა, რომ თბილისი მოსკოვთან ურთიერთობებს სუფთა ფურცლიდან იწყებს. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. ამავე დროს, ივანიშვილმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ტერიტორიული მთლიანობის საკითხს დაუკავშირა. „იმ ვითარებაში, როცა რუსეთს ორი საელჩო აქვს გახსნილი სოხუმსა და ცხინვალში და აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. ეს სწრაფად ვერ მოხდება. ამას დიდი დრო დასჭირდება და ეს რთული პროცესი იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა.
გაცილებით უფრო ხისტი განცხადებებით გამოირჩევა საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი მაია ფანჯიკიძე: „საქართველოს კურსი, როგორც ეს არაერთხელ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, მეზობლებთან კარგი დამოკიდებულება და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება. 16 წელია, საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში ვმუშაობ და ვიცი, რომ ევროპისკენ სწრაფვა საქართველოს ერთადერთი სწორი გზაა. ჩვენ არასდროს დავბრუნდებით რუსეთის ორბიტაზე, იმავე დსთ-ში, ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვა ამას გამორიცხავს“.
ამავე დროს, ფანჯიკიძე ხაზს უსვამს იმას, რომ რუსული ბიზნესი კარგად არის წარმოდგენილი საქართველოში, ხოლო ქართული ბიზნესი რუსეთში საერთოდ არ არის. მისი თქმით, ეს არათანაბარი ვითარებაა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ ახალი ხელისუფლება რუსეთის ბაზარზე შესვლას ვერ მოახერხებს, მაშინ შეეცდება, საქართველოში წარმოდგენილ რუსულ ბიზნესს (ეს კი მსხვილი სტრატეგიული ობიექტების მართვაა) პრობლემები შეუქმნას. მით უფრო, რომ სააკაშვილის „ნაციონალური“ ხელისუფლების პირობებში შემოსული ეს რუსული კომპანიები, სავარაუდოდ, იმავე ხელისუფლების წარმომადგენელთა ფინანსურ ინტერესებსაც მოიცავს.
თუმცა, საუბარია არა მარტო რუსულ, არამედ დსთ-ის ბაზარზეც და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პირდაპირ ურთიერთობს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, ყველას კარგად ესმის, რომ რუსეთის სურვილის წინააღმდეგ დსთ-ის წევრ სახელმწიფოებთან ეკონომიკურ კავშირებს შეიძლება საფრთხე შეექმნას. მეტად საინტერესო იყო ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახმიანებული ინიციატივა საქართველოს დსთ-ში დაბრუნების შესახებ. ლუკაშენკომ განაცხადა, რომ დსთ-ის მორიგი სამიტი მომავალ წელს, სავარაუდოდ, მინსკში გაიმართება და ამ შემთხვევაში შეთავაზებას საქართველოს მისამართით იგი თავად გააკეთებს. მისი განცხადებით, „არჩევნებში რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემარჯვა, მიხეილ სააკაშვილი მომავალ წელს დსთ-ის წევრი იქნებოდა“.
თამამი ვარაუდია, თუმცა საამისოდ სააკაშვილს 2008 წლის 14 აგვისტოს მიღებული პარლამენტის დადგენილებების გაუქმება დასჭირდებოდა დსთ-დან გამოსვლის შესახებ. ამის გაკეთება ახალ საპარლამენტო უმრავლესობასაც შეუძლია, თუმცა დღეს დსთ-ზე აქტუალური ევრაზიული კავშირის თემაა – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული, ჯერ კიდევ მის პრეზიდენტობამდე (ევრაზიის კავშირი – სუვერენულ სახელმწიფოთა კონფედერაციული კავშირის პროექტია ერთიანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და საბაჟო სივრცით. ჯერჯერობით სახეზეა სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო – რუსეთის, ყაზახეთის, ბელარუსის კავშირი, და დსთ-ის შესაბამისი მჭიდრო დარგობრივი ინტეგრაციული სტრუქტურები – ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, ერთიანი ეკონომიკური სივრცე, კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაცია, საბაჟო კავშირი).
ასეა თუ ისე, მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი საქართველოსთვის ბევრად უფრო ხელსაყრელია, ვიდრე აშშ-ის მსოფლიო ჰეგემონია, რომლის მკვეთრად გამოხატული ინტერესები საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთს აშკარად არ აძლევს ხელს.
საქინფორმი
2012 წლის 19 ნოემბერი