სამართალი
შოთა ხიზანიშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

1-xizaniSviliსაქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 18 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, შემდგომში თბილისის ვიცე-მერ შოთა ხიზანიშვილსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილს აღმკვეთი ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა ხიზანიშვილისთვის – 20 ათასი ლარის, ხოლო ლელუაშვილისთვის 10 000 ლარის გირაოს შეფარდების თაობაზე. ხიზანიშვილს თავდებად თბილისის მერი გიგი უგულავა უდგებოდა, რომელმაც მოსამართლის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს საქმე ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ინიცირებული.

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 158-ე მუხლით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და, ასევე, ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას ან გავრცელებას გულისხმობს.

ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ხიზანიშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა ბრალს არ აღიარებს.

ვაჟა ლილუაშვილს ბრალი158-ე, 284-ე, 285-ე, 333-ე,187-ე მუხლებით წაუყენეს. ლელუაშვილმა დანაშაული აღიარა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სხვისი ქონების დაზიანების და უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის გავრცელების ნაწილში, ხოლო ის დამნაშავედ თავს არ ცნობს 284-ე და 285-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ისეთი პროგრამის შექმნას, რომლითაც მოპოვებულ იქნა სხვისი პირადი ინფორმაცია.

ადვოკატები  სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.