აქტუალური
შეხვედრები ფილიპ გორდონთან

1-gordon-aqtuaaaa3საქართველო, 16 ნოემბერი საქინფორმი. აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი საქართველოში შეხვედრებს მართავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრა სასტუმრო „მარიოტში“ შედგა, ამ წუთებში კი შეხვედრა მიმდინარეობს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესთან.

იგეგმება შეხვედრები პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან.

გორდონისა და უსუფაშვილის პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელისუფლებო ცვლილებებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებს.

ერთსაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ ფილიპ გორდონმა ჟურნალისტებს განუცხადა: „მოხარული ვარ, რომ რთულ და კრიტიკულ სიტუაციაში, თუმცა, მაინც, ხდება დემოკრატიული ტრანსფორმაცია საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას“.

როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საუბარი არ ყოფილა დაკავებებთან დაკავშირებით, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არჩევნებამდე ურჩევდა, ფსიქოლოგიურად მზად ყოფილიყვნენ ოპოზიციაში გადასვლისთვის.

„ახლაც ვეუბნები, ფსიქოლოგიურად მოემზადონ, რომ ის პრობლემები, რის გამოც მათ ხალხმა უარი უთხრა და ჩამოაშორა ხელისუფლებას, იქნება გამოძიებული... იმისთვის, რომ არ იყოს ვინმეს უფლება შელახული და საქართველოში დასრულდეს მართლაც პოლიტიკური ნიშნით დევნა, გაუგონარი და მოულოდნელი ნუ იქნება ნურავისთვის, რომ შესაძლოა, ხვალ-ზეგ პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“. ამასთან, უსუფაშვილმა დასძინა, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ყოფილი ხელისუფლების ცალკეული ლიდერები ირჩევენ ტაქტიკას – რაც უფრო ხმამაღლა იყვირებენ პოლიტიკური დევნის თაობაზე, ამით თითქოს საკუთარი თავისთვის ქმნიან რაღაც უსაფრთხოების გარანტიას.