პოლიტიკა
საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 15 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკს შეხვდა. მხარეებმა ეროვნული უმცირესობების პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრეს.
ვოლებეკმა საქართველოს პრემიერს ის პროექტები გააცნო, რომლებსაც ეუთო ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით საქართველოში ახორციელებს. თავის მხრივ, ივანიშვილმა მას მთავრობის ხედვა გააცნო და უკვე არსებული პროექტების გასაგრძელებლად მზადყოფნა გამოთქვა.ამავე დღეს ეუთოს უმაღლესი კომისარი ადამიანთა უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასაც შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ ახალ მთავრობას სურს, გააგრძელოს მუშაობა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, კონკრეტულად, ეროვნული უმცირესობების მხარდაჭერაში. იყო შეხვედრა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ძალიან კარგ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი“.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის საკითხებს, ასევე, სიტუაციას კონფლიქტურ რეგიონებში.