საზოგადოება
ახალაიას სხვა ციხეში ჯერჯერობით არ გადაიყვანენ

1-Baco-Axalayaსაქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი მინაშვილის განცხადებით, რომელსაც ბაჩო ახალაიასთან ულიმიტო შესვლის უფლება აქვს, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი მას მე-7 საპყრობილედან ახალაიას სხვა ციხეში გადაყვანას შეჰპირდა.

„ხშირად ვაპირებ შესვლას ბაჩო ახალაიასთან. მისი ამ საპყრობილეში გადმოყვანა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობაა. ვნახე ბაჩო, არის მხნედ და გაბედულად. ვესაუბრე სოზარ სუბარსაც. იგი დაგვპირდა, რომ რამდენიმე დღეში გადაიყვანს იქ, სადაც მისი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება“, – ამბობს მინაშვილი.

თუმცა, საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“-ის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობით, სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის განცხადებით: „უახლოეს მომავალში ბაჩო ახალაიას სხვა ციხეში გადაყვანა არ იგეგმება“.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია, რომელიც ორთვიან წინასწარ პატიმრობაში  გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, რამდენიმე დღის წინ მე-7 საპყრობილეში გადაიყვანეს, ამის მოტივად კი მისი უსაფრთხოების დაცვა დაასახელეს.