შოთა ხიზანიშვილის სახლი და კაბინეტი გაჩხრიკეს
საქართველო, 16 ნოემბერი,
საქინფორმი. წუხელ, 15 ნოემბერს, ღამით, სამართალდამცველებმა შს მინისტრის ყოფილი მოადგილისა და ვიცე-მერის – შოთა ხიზანიშვილის, საცხოვრებელი სახლი და სამუშაო კაბინეტი გაჩხრიკეს. ჩხრეკას ესწრებოდნენ ოჯახის წევრებიც. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. მისივე ცნობით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მერიაში ხიზანიშვილის კაბინეტს 1 საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ, რის შემდეგაც მისი კომპიუტერის პროცესორი წაიღეს. მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელ ბაჩო დოლიძის განმარტებით, პროკურატურის თანამშრომლებს მათთვის არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენიათ. თავის მხრივ, მერიის წარმომადგენლებს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
დოლიძის თქმით, პროკურატურის წარმომადგენლები მერიაში ღამის 12 საათზე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ.
„თავდაპირველად ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს. რა თქმა უნდა, ჩვენ შევხვდით, რის შემდეგაც უკვე შოთა ხიზანიშვილის კაბინეტის ჩხრეკა ითხოვეს, რომელიც, დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა. ამ ეტაპზე რაც ვიცით, წაღებულია პროცესორი“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.