საზოგადოება
ალასანიამ ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა

1-jariskac-sazogaaa1საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტიდან ატყობინებენ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროები მოინახულა.

იგი გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჰოსპიტალს გუშინ ესტუმრა. ლანდშტულის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის კურსს ამჟამად საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთი სამხედრო მოსამსახურე გადის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და მათი პრობლემები მოისმინა. ირაკლი ალასანიამ ქართველ ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და გამოჯანმრთელება უსურვა.

ცნობისათვის: II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები – კაპრალი რამაზ დავითაია, რიგითი ავთანდილ ბებია, კაპრალი რომან ლიპარტელიანი; ასევე, III ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები – რიგითი ამირან კაპანაძე და კაპრალი გიგა ზივზივაძე –სამშვიდობო მისიას ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდნენ.