პოლიტიკა
საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გუშინ შეხვედრა გამართა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ კნუდ ბარტელსთან. მხარეებს შორის დიალოგი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შედგა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ნატო-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს მონაწილეობა ISAF-ის მისიაში და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.განხილვის მთავარი თემა ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტი იყო. მხარეთა გადაწყვეტილებით, ალიანსის მაღალი რანგის სამხედროები საქართველოს 2013 წლის პირველ ნახევარში ესტუმრებიან.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით, სამხედრო კომიტეტის ვიზიტის დაგეგმვის პროცესი უკვე დაიწყო.