სამართალი
საპარლამენტო უმცირესობა ბაჩო ახალაიასთან ულიმიტო შესვლას ითხოვს

1-ulimito-samarTaaa3საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბაჩო ახალაიასთან სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში ულიმიტო შესვლა მოითხოვეს.

უმცირესობა აპროტესტებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის იმ დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც სასჯელს ე.წ. კანონიერი ქურდები იხდიან. მათი თქმით, ეს ბაჩო ახალაიაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობაა. ოპოზიციის წარმომადგენლები მინისტრ სოზარ სუბარსაც შეხვდნენ. თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მინისტრის თქმით, ახალაია მე-7 საპყრობილეში პატიმრის უსაფრთხოების გამო გადაიყვანეს.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, „ეს არის სპეციალურად გადადგმული ნაბიჯი – მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ბიძინა ივანიშვილის უშუალო მითითებით გადადგმული ნაბიჯი, რომ ბაჩო ახალაია, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლა, მოთავსებული იყოს რამდენიმე მეტრში სწორედ ამ კრიმინალურ ავტორიტეტებთან“.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა კი განაცხადა, რომ ბაჩო ახალაია არის ციხის პირობებში, ნორმალურ პირობებში: „ის არის აბსოლუტურად იზოლირებული დანარჩენებისგან. არის დაცვა, არის კამერები, მისი უსაფრთხოება არის უზრუნველყოფილი. მე ვერ წარმომიდგენია, რა ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც  მასთან დაუბრკოლებლად შედიან ადვოკატები, კანონით განსაზღვრულ დროს, ხოლო 24 საათის განმავლობაში მასთან შესვლის უფლება აქვს 51 კაცს“.

საპარლამენტო უმცირესობა აპირებს, ახალაიასთან ულიმიტო შესვლის საკითხზე პარლამენტს მიმართოს.