სამართალი
რკინიგზის თავისუფალი პროფკავშირი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

1-rkinigza-samarTaaa2საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. „საქართველოს რკინიგზის“ თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენელმა, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა გია ყრუაშვილმა და ფინანსური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა თენგიზ წიკლაურმა „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ მაღალჩინოსნებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განაცხადი შეიტანეს.

საქმე შეეხება შპს „საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელი ხელმძღვანელების კორუფციულ საქმიანობას. როგორც ფინანსურმა პოლიციამ 2006-2007 წლებში დაადგინა, გაფლანგულია 100 მლნ ლარზე მეტი. ირაკლი ეზუგბაია და მასთან დაახლოებული პირები თანხებს იტაცებდნენ კორუფციული ტენდერების, ობიექტების მიზერულ ფასებში გასხვისების და სხვა ამგვარი მაქინაციების გზით, მაგრამ, გია ყრუაშვილის განცხადებით, „ეს დარღვევები თაროზეა შემოდებული. ამ ფინანსური პოლიციის აქტებში ნათლადაა წარმოჩენილი მათი დანაშაულებრივი ქმედებები, დღეს კი ისინი მასმედიის მეშვეობით საზოგადოებაში საკუთარი სახელის რეაბილიტაციას ცდილობენ“.

თენგიზ წიკლაური დანაშაულის მხილების მიზნით მზადყოფნას გამოთქვამს, გამოძიებას გვერდით დაუდგეს და „ამხილოს ის დანაშაულები, რაც რკინიგზაში ხდებოდა და, სამწუხაროდ, დღემდე ხდება“.

საქმის ხელახალი აღძვრის მოთხოვნით განმცხადებლები იმედს გამოთქვამენ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდება საქმის სრულფასოვანი გამოძიება და დამნაშავეები საკადრისად აგებენ პასუხს კანონის წინაშე.