აქტუალური
რუსეთი მზადაა, ქართული ღვინო ბაზარზე დააბრუნოს

1-qartuli-ghvinoსაქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. „რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთი მზადაა, თავის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი დენისოვმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული „საკითხის პრაქტიკულად  შესწავლის სურვილი ორივე მხარეს არსებობს“.

ამავე დროს, „რია ნოვოსტის“ მოჰყავს საქართველოს პრემიერ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ საქართველო შეეცდება, უკვე წლეულს რუსეთის ბაზარზე შეიტანოს  ციტრუსის წლევანდელი მოსავალი.

რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დავით კირვალიძე აცხადებს, რომ ქართული მხარე მზად არის, საექსპორტო პროდუქციის ხარისხის შესასწავლად რუსი ექსპერტები მიიღოს.

ამასთან, ცოტა ხნის წინ „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ მისი უწყება მზადაა რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების დაშვების თაობაზე მოთხოვნის განსახილველად და მხოლოდ ქართული მხარის ოფიციალურ მოთხოვნას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის შეტანა 2006 წელს აიკრძალა, რასაც საფუძვლად დაედო „როსპოტრებნადზორის“ დასკვნა ქართული მხარის მიერ სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დარღვევის შესახებ. ღვინოსთან ერთად რუსულმა მხარემ „ბორჯომისა“ და „ნაბეღლავის“ შეტანაც აკრძალა.