საზოგადოება
ტელეკომპანია „პიკს“ ახალი მფლობელი ჰყავს

1-pikსაქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. შპს ტელეკომპანია „პიკს“, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხ „პიკს“ მართავდა, ახალი მფლობელი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა media.ge ავრცელებს.

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს კომპანიის 60 პროცენტი ოთხი დღით ადრე შექმნილ შპს „შვიესას“ გადაეცა, რომელიც, პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვალდებულია, ოქმზე ხელმოწერიდან 5 წლის განმავლობაში შპს ტელეკომპანია „პიკის“ კაპიტალში 1500000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს ფულადი ან ქონებრივი შენატანის სახით.

„შვიესას“ 30% ტელეკომპანია „პიკის“ 55%-ის მფლობელმა მამუკა თათოშვილმა დაუთმო, 10-10% კი გიორგი აღდგომელაძემ, თამაზ გუდაძემ და ნიკოლოზ ტაბიძემ, რომლებსაც მანამდე 15-15 პროცენტი ეკუთვნოდათ.

„შვიესას“ დამფუძნებელი და დირექტორი ლიტველი დარიუს იურგელავიჩუსია, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას ფლობს და ამჟამად თბილისში ცხოვრობს. ლიტვური მედიის ცნობით, იგი საქართველოს შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, მრჩეველი იყო.

შპს „ტელეკომპანია პიკი“ ყოფილი ტელეკომპანია „ალანიაა“, რომელიც საერთო სიხშირული მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს და რომლის სიხშირეზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე – რუსულენოვანი არხი „პიკი“ მაუწყებლობდა. 2012 წლის დასაწყისში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „პიკი“ მართვის უფლებით შპს „ტელეკომპანია პიკს“ („ალანია“) გადასცა, რის შემდეგაც განხორციელდა რეორგანიზაცია – „ალანია“ „პიკს“ შეუერთდა, სახელი იურიდიულადაც შეიცვალა და საკუთარ სიხშირეზეც „პიკის“ სამაუწყებლო ბადე გაუშვა.

მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ტელეკომპანია „პიკს“ შორის დაწყებულ დავას სატელიტზე სიგნალის არასანქცირებულ აწევასთან დაკავშირებით ყველა ხელშეკრულების გაუქმება მოჰყვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურველო საბჭოს 12 ნოემბრის სხდომაზე კი ცნობილი გახდა, რომ 2013 წლის ბიუჯეტში საკმარისი თანხის უქონლობის გამო მომდევნო წლიდან „პიკი“ აღარ იმაუწყებლებს.

ამჟამად თავისუფალი რჩება შპს „ტელეკომპანია პიკის“ კუთვნილი სიხშირე. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესმდივან ხატია ყურაშვილის განმარტებით, კომპანია ვალდებულია, დაიცვას სალიცენზიო პირობები და იმაუწყებლოს.

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა გეგმები აქვს „ტელეკომპანია პიკის“ ახალ მფლობელს.