შემხვედრი წინადადებები ფერეიდანისა და აჭარის დაძმობილებაზე
საქართველო, 15 ნოემბერი,
საქინფორმი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული ახმად რეზა არჯანი მიიღო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ავთანდილ ბერიძე გენერალურ კონსულს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, რეგიონის განვითარების კურსსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. „ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი რეგიონის, კუთხეების, ხალხებისა და ქვეყნების მომავალი დაახლოების გზაზე. ჩვენ ვისაუბრეთ როგორც ტურიზმის განვითარებაზე, ისე მომავალ ეკონომიკურ პროექტებზე, ხალხთა შორის ურთიერთობაზე, წამოვაყენეთ ურთიერთშემხვედრი წინადადება, რომ მოხდეს ფერეიდანის მხარის დაძმობილება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. ვფიქრობთ, ამას ჩვენ კარგად განვახორციელებთ“, – აღნიშნა ავთანდილ ბერიძემ.
გენერალურმა კონსულმა, თავის მხრივ, ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა როგორც ტურიზმისა და ბიზნესის, ისე ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. „ჩვენ ვილაპარაკეთ ირანისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამშრომლობაზე, პარლამენტთა შორის ეკონომიკურ ურთიერთობაზე, ფერეიდანისა და აჭარის დაძმობილებაზე და ირანის ახალ გუბერნიებსა და აჭარას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე“, – აღნიშნა გენერალურმა კონსულმა ახმად რეზა არჯანიმ.