აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

1-Sexvedra-aqtuaaaa3საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ნატოსთვის არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, ამავე დროს, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში ბოლო დროს დაჭერებთან დაკავშირებულ მიმდინარე პროცესებზე და დასძინა: „ასეთი სასამართლო პროცესები  მნიშვნელოვანია, ჩატარდეს კანონის უზენაესობის პრინციპების შესაბამისად და უზრუნველყოფილ იქნეს გამჭვირვალობა და სამართლიანი პროცესი. პრემიერ-მინისტრმა დამარწმუნა, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა“.

თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა დაარწმუნა ბატონი რასმუსენი, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა და მათ პოზიციებში თანხვედრაა. ივანიშვილმა შესთავაზა ბატონ გენერალურ მდივანს, ნებისმიერი ფორმით მიეღოთ მონაწილეობა, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ყველასათვის გასაგები. „ჩვენდა სასიამოვნოდ, ბატონმა რასმუსენმა მკვეთრი ნდობა გამოგვიცხადა, არ ჩათვალა საჭიროებად და ყველა ჩვენს ნაბიჯს გაგებით და ნდობით მოეპყრობა. ასეთი იყო მისი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, გენერალურმა მდივანმა დაარწმუნა, რომ უახლოეს მომავალში მინისტერიალის საკითხი განიხილება და ის აუცილებლად ისევ საქართველოში შედგება.

თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილი და ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს ნატოს სამხედრო ნაწილში ჰყავდეს ნატოს შესატყვისი სამხედრო ნაწილები, ასევე ჭეშმარიტად განავითარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინათ შექმნილი პრობლემები დაკავშირებული იყო სწორედ იმასთან, რომ წინა ხელისუფლება ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ნაცვლად ფასადური გამონათქვამებით კმაყოფილდებოდა.

„ჩვენ, ახალი გუნდი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ყველა ქმედება გასაგები იყოს საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, ნატოს წევრი ქვეყნებისათვის, ბატონი გენერალური მდივნისათვის, რომ ჩვენს დასახულ მიზნებს მივაღწიოთ და საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს ჭეშმარიტად ნატოს წევრი ქვეყანა“, – დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.