საზოგადოება
სააკაშვილი ჰერმან ვან-რომპეის შეხვდა

1-miSaaa-sazogaaa2საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. სააკაშვილმა და ჰერმან ვან რომპეიმ საქართველო-ევროკავშირის დაახლოებასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს მიღწევები ევროკავშირში  საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელისუფლება და საქართველოს პრეზიდენტი თანამშრომლობას მოახერხებენ. ჰერმან ვან რომპეიმ ვრცლად ისაუბრა იმ პროგრესზეც, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით მიაღწია.

„მივესალმები იმას, თუ როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და, ასევე, ევროკავშირის ძლიერ სურვილს, ეფექტურად იმუშაოს როგორც პრეზიდენტთან, ისე ახალ მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც დღის წესრიგში მრავლადაა... მე შევახსენე საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის მისწრაფება – საქართველოსთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას მიაღწიოს. ჩვენი მისწრაფებაა, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრეულებაზე ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ზონის შესახებ, ასევე, ვისაუბრეთ პროგრესის შესახებ ვიზების გამარტივების პროცესში“, – აღნიშნა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა და კიდევ ერთელ დააფიქსირა ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკუთარი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადაყვანისთვის იზრუნებს, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას, დიალოგს, ასოცირების ხელშეკრულებას და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის დაჩქარებას ნიშნავს.