„ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ შეიქმნას საინვესტიციო ფონდი, თანაც ამ ფონდის მონაწილეები ფულს კი არ კარგავენ, ეს არ არის შეწირულობა. ფონდის მონაწილეებს მე შევუქმნი საუკეთესო ჯგუფს, რომ ბიზნესპროექტების განხილვა შეეძლოს ძალიან მაღალ დონეზე. ვისაც ექნება ბიზნესწინადადება და 25%-მდე დაფინანსება, 75 % სახელმწიფოსგან გარანტირებული ექნება“.
პრემიერის თქმით, იგი 2014 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებიდან წავა, თუმცა მის მიერ დატოვებულ ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებაში გადასული გააკონტროლებს. „მე არ წავალ დამარცხებული, მე დავტოვებ ძალიან კარგ ხელისუფლებას, ავიღებ პასუხისმგებლობას მასზე. გადავალ სამოქალაქო საზოგადოებაში და გავაკონტროლებ ჩემ მიერ დატოვებულ ხელისუფლებას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ემიგრანტებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ბელგიაში მცხოვრები მერაბ ბლადაძეც, რომლის ბინაშიც ციხის კადრების გამავრცელებელი ბედუკაძე გარკვეულ ხანს ცხოვრობდა. ბლადაძემ ივანიშვილს წერილი გადასცა და განაცხადა, რომ წერილში საქართველოზე საუბრობს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
შეხვედრა, რომელსაც 300-ზე მეტი ქართველი ესწრებოდა, ემოციურად წარიმართა და ერთ-ერთმა ემიგრანტმა საქართველოს ლექსიც მიუძღვნა, რომელიც რუსთაველის ცნობილი სიტყვებით დაასრულა: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი...“