სამართალი
მხარდამჭერები ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებაში გადაყვანას აპროტესტებენ

1-aqcia-samarTaali3საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ბაჩო ახალაია  სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მის გადაყვანას აპროტესტებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე თეა თუთბერიძის განცხადებით, ახალაია „საჯიჯგნად შეუგდეს კანონიერ ქურდებს და კრიმინალებს“, რომლებსაც თავის დროზე თავად ბრძოლა გამოუცხადა.

პარლამენტარი როლანდ ახალაია მიიჩნევს, რომ მისი შვილის №7 დაწესებულებაში გადაყვანა პირდაპირი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აღნიშნავს, რომ ეს ქმედება ახალაიას უსაფრთხოების დაცვას არ უკავშირდება და ამას დიდი პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვება არა მხოლოდ მათი პოლიტიკური ძალის მხრიდან.

დაწესებულებასთან ოჯახის წევრთა გარდა იმყოფებიან ბაჩო ახალაიას ადვოკატები, საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრი ჟურნალისტები. როგორც ამ ჯგუფის წარმომადგენელი, „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი აღნიშნავს, ბაჩო ახალაია დაწესებულების ერთ-ერთ სართულზე სამარტოო საკანშია მოთავსებული და ფლიგელში მის გარდა, სხვა პატიმარი არ იმყოფება. ახალაიას საკანთან დაცვაა მობილიზებული. თუმცა, როგორც ბაჩო ახალაია აცხადებს მასთან საუბარში, „როდესაც „ქურდებთან“ 20 მეტრში ხარ, ეს უსაფრთხოების დაცვის გარანტია ვერ იქნება სამომავლოდ“.

საპარლამენტო  უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის – აკაკი მინაშვილის, ცნობით, მიმდინარეობს დაწესებულებასთან მისულ მხარდამჭერთა დაპატიმრება.

შეგახსენებთ, რომ მინისტრმა სოზარ სუბარმა საპატიმროებთან ამასწინანდელი აქციების შემდეგ კანონის სრულად დაცვასა და ამოქმედებაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ ამგვარ დაწესებულებებთან 20 მეტრის სიახლოვეს აქციებისა და მსვლელობის მოწყობა დასჯადია.

როგორც „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „ქართული სიტყვასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, „ახალაიამ უამრავი ადამიანი გაამწარა და მისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი ციხეა“.  მისი თქმით, ნაციონალები დაჰპირდნენ, გაგაპიარებთ და მთელ მსოფლიოს შევძრავთო, მაგრამ „ნაცმოძრაობას“ გასაპიარებლად რესურსი არ აქვს. ამიტომ, თუკი სააკაშვილი დაპირებას ვერ შეუსრულებს, ბაჩო ახალაია ალაპარაკდება!“