აქტუალური
საპარლამენტო კომიტეტები ნატოს რეზოლუციას გამოეხმაურნენ

1-komit-aqtualuri1საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს საპარლამენტო კომიტეტები გამოეხმაურნენ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასა და ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის, განცხადებას ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით, კერძოდ, პოლიტიკური დაპატიმრებებით შეშფოთების გამოხატვის თაობაზე. ერთობლივი განცხადება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში გამოთქმულია წუხილი იმის გამო, რომ რასმუსენის ხსენებული განცხადებისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის გაკეთების საფუძველი არა – საქართველოში ნატოს წარმომადგენლობის, ნატოს წევრი-ქვეყნების დიპლომატიური მისიების ან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, არამედ, სავარაუდოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიწოდებული დეზინფორმაცია და ცალმხრივი შეფასებები გახდა.

განცხადებაში ნათქვამია, ასევე, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ აღნიშნული რეზოლუციით მხარი დაუჭირა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას, თუმცა იქვე დაფიქსირდა დაუსაბუთებელი ბრალდებებიც, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია ტექსტის მთლიან შინაარსზე საქართველოსთან მიმართებაში.

საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეთა – ვიქტორ დოლიძის, თედო ჯაფარიძის, ირაკლი სესიაშვილის – განცხადებით, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველსო საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებაა, ხოლო საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ამის გარანტიას წარმოადგენენ. ამასთან, ისინი საპარლამენტო უმცირესობასთან თანამშრომლობისთვის  მზადყოფნას გამოთქვამენ, რადგან, მათი თქმით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა ვიწრო პარტიული დამოკიდებულებები და პირადი ინტერესები არ უნდა დადგეს.

განცხადებაში, ამასთან, აღნიშნულია, რომ მოქალაქეთა უფლებების უხეშად შელახვაში, ხელისუფლების ბოროტად გამოყენებასა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში მხილებული პირების მართლმსაჯულებისთვის წარდგენა და სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება შეიარაღებულ ძალებზე წარმოადგენს სწორედ ქვეყანაში ნატოს ღირებულებების დამკვიდრებისაკენ სწრაფვას.