საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ნატოს მაღალჩინოსნების მსგავსად, საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული არიან ამერიკელი ექსპერტებიც. ატლანტიკურ საბჭოში გამართული შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ დაუშვებელია პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მოვლენების ამგვარმა განვითარებამ ნატოში საქართველოს ინტეგრაცია შეაფერხოს.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიტიკოს იანუშ ბუგაზსკის თქმით, „თუ ახალი მთავრობა, როგორც აცხადებდა, ნატოსკენ მიისწრაფვის, მან უნდა შეასრულოს ყველა პირობა, შეწყვიტოს პოლიტიკური პატიმრების დაკავება და განაგრძოს ურთიერთობის განვითარება ნატოსთან. ჯერჯერობით თბილისიდან დამაფიქრებელი სიგნალები მოდის. მთავრობა ამბობს ერთს და აკეთებს სხვას“.აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ექსპერტ ფრენსის ბურველის განცხადებით კი, საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული დაკავებები ნამდვილად წარმოადგენს შეშფოთების მიზეზს. „ჩვენ ყველა კმაყოფილი ვიყავით საქართველოში არჩევნების გზით განხორციელებული ცვლილებებით და იმით, რომ სააკაშვილი ახალ მთავრობასთან მუშაობს. ამჟამად კი შეშფოთებული ვართ ახალი დაკავებებით. საქართველომ, რომელიც უნდა გახდეს ალიანსის წევრი და წავიდეს წინ, პოლიტიკური სტაბილურობის დემონსტრირება უნდა მოახდინოს. ძალიან მნიშვნელოვანია, ნათელი გახდეს, კონკრეტულად, რა ბრალდებაზეა და საუბარი და არიან თუ არა ისინი კანონის ფარგლებში გასამართლებული. თუ აღმოჩნდება, რომ დაკავებები პოლიტიკურად უფრო იყო მოტივირებული, ვიდრე კანონს ეფუძნებოდა, მაშინ ეს იქნება სერიოზული დაბრკოლება ნატოში გაწევრებისთვის“, – აღნიშნა ბურველმა.
აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ უილსონის აზრით, „ახალი მთავრობის პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ შეინარჩუნოს სამართლიანობის შეგრძნება და მიუკერძოებლობა, ასევე, შექმნას ნამდვილი დემოკრატია, სადაც ერთი მთავრობის ლიდერებს მეორე მთავრობის შიში არ ექნებათ“.
უილსონის შეფასებით, პოლიტიკური ოპონენტების დასჯა ნამდვილად დააზარალებს საქართველოს ახლო ურთიერთობებს ალიანსთან.