პოლიტიკა
საქართველოს პრემიერიც შეშფოთებულია

1-diaspora-politikaa1საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. „რასმუსენს ძალიან მწვავე განცხადება არ გაუკეთებია. ის, რაც რასმუსენმა თქვა, მეც გავიმეორე, მეც შეშფოთებული ვარ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და დასძინა, რომ რასმუსენის განცხადებებში საოცრებები არ უნახავს.

მისივე განმარტებით, ყოფილი ხელისუფლება აქცენტებს მცდარად აკეთებს, რადგან შემაშფოთებელი ისაა, რომ „ახალი ხელისუფლება და პროკურორი იძულებული არიან, ასეთი ხალხი დააპატიმრონ“, ახალაია ხომ რამდენიმე თვის წინ – თავდაცვის, ხოლო შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ახლა კი ციხეში იმყოფება.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით კი პრემიერმა განაცხდა, რომ მას „საპარლამენტო კომიტეტი შესატყვისად უპასუხებს.

ინტერნეტრესურს eurasianet.org-ის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა „ფეისბუქში“ თავის ოფიციალურ გვერდზე მოკავშირეების სამხედრო შენაერთების მიერ ავღანეთში მიღწეული წარმატებების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. იმავე ღამით ვიდეოს ქართველების მრავალრიცხოვანი კომენტარი გაუჩნდა, რასაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა ხსენებულ კამპანიასთან. ქართველები უკმაყოფილო დარჩნენ ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით იმის თაობაზე, რომ იგი შეშფოთებულია საქართველოში განხორციელებული დაპატიმრებებით და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტების ამ ფორმით დევნა არ მოხდება.

ნატოს გენმდივნის განცხადებამ, რომელიც მან ბრიუსელში ივანიშვილის ვიზიტის დროს გააკეთა, იმდენად აღაშფოთა ქართველი მომხმარებელი, რომ მათ რასმუსენის ოფიციალურ გვერდზე ფართომასშტაბიანი ტროლინგი მოაწყვეს, კომენტარები აგრესიული და შეურაცხმყოფელი ხასიათის იყო.

გვერდის ადმინისტრატორის განცხადებით, შეტევის მონაწილეები, ძირითადად, გაკრიტიკებული პარტიის მხარდამჭერები იყვნენ. გავრცელებული ცნობით, კომენტარი ამ თემაზე რასმუსენმაც გააკეთა და სინანული გამოთქვა ამ შეურაცხმყოფელი გამოხმაურებების გამო.