თბილისი, 13 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საიასა და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ცნობისათვის: პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა მონაცემები ორი კვირის ვადაში –19 ნოემბრამდე უნდა შეისწავლოს. უნდა მოხდეს სიის ფორმირება და იმ პირთა განსაზღვრა, ვისაც შეიძლება ეს სტატუსი მიენიჭოს. სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნით კი კომიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საბოლოოდ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა, დევნილ პირთა ვინაობისა და მათი განთავისუფლების შესაძლო მექანიზმებთან დაკავშირებით.საია და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ერთობლივ განცხადებაში სწორედ დროის უკმარისობას ასახელებენ სამუშაოს ჯეროვნად შეუსრულებლობის მიზეზად. ბესელიას თქმით, მათ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ, რომ თითქოს სამუშაო ვადის გაგრძელება კატეგორიულად მიუღებელია. „ჩვენ მზად ვართ, ვადის გაგრძელების თაობაზე კომიტეტში ვიმსჯელოთ. თუკი საკმარისი არ აღმოჩნდება დარჩენილი ერთკვირიანი ვადა ამ საკითხების შესწავლისათვის“, – განაცხადა მან და მოუწოდა სამუშაო ჯგუფში შემავალ თითოეულ წარმომადგენელს, „ვიმუშაოთ ყველამ ერთად კონსტრუქციულად, და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს არ ჰყავდეს არცერთი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირი“.
შეგახსენებთ, რომ ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – საიამ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ – სამუშაო ჯგუფი დატოვა.