სამართალი
„კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“და საიას ერთობლივი განცხადება

1-saia-samarTali2თბილისი, 13 ნოემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დატოვების შესახებ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამუშაო ჯგუფს გადაეცა თბილისის ჰელსინკის ჯგუფის მიერ კომიტეტში გაგზავნილი პოლიტიკური მოტივებით დაკავებული თუ ძებნილი პირების სია (185 პატიმარი და 13 ძებნილი პირი). გარდა ამისა, მუშაობის დაწყების შემდგომ კომიტეტს წარედგინა სხვა განცხადებებიც, რაც პერიოდულად სამუშაო ჯგუფს ეგზავნება განსახილველად. ჯგუფმა უნდა დაადგინოს, ამ სიაში მითითებული პირები წარმოადგენენ თუ არა პოლიტიკურ პატიმრებს.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით ან სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტით პოლიტპატიმრის დეფინიცია დადგენილი არ არის. თუმცა,  მიმდინარე წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია №1900, რომლითაც დაადგინა პოლიტიკური პატიმრის დეფინიცია. საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, რომ ყველა პოლიტიკური პატიმრის საქმე შეისწავლოს მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო, შესაბამისად, იგი ვალდებულია, შეასრულოს ევროპის საბჭოს მოთხოვნები და პოლიტპატიმრების საქმეთა შესწავლისას გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული რეზოლუცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საპარლამენტო ასამბლეა ადგენს ხუთ ძირითად კრიტერიუმს, რომელთა მიხედვითაც თავისუფლებააღკვეთილი პირი მიიჩნევა პოლიტპატიმრად.

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ სტატუსის განსაზღვრა მოხდებოდა სწორედ ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად.

განცხადების თანახმად, სამუშაო ჯგუფის მუშაობისას გამოვლინდა არაერთი პრობლემა, რომლებიც ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა ჯგუფის ეფექტიანად მუშაობისათვის. მათი განმარტებით, სამუშაო ფორმატი და ვადები არ იძლევა საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას.

„ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მივიჩნევთ, რომ  ჯგუფმა უნდა მოამზადოს დასაბუთებული, ობიექტური და სამართლიანი რეკომენდაციები თითოეული საქმის შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ ზედაპირული  შეფასებები, უზუსტობები და უსამართლო მიდგომები.

მიგვაჩნია, რომ დადგენილი ორკვირიანი ვადის ფარგლებში და ჯგუფის მიერ განსაზღვრული ფორმატით შეუძლებელია 185 პოლიტიკური პატიმრისა და 13 პოლიტიკური დევნილი პირის საქმეებზე სრულყოფილი დასკვნების მომზადება. ჩვენთვის ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფის მანდატის ვადის გაგრძელება არ იგეგმება, რაც საკითხის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობას არ იძლევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აქედან გამომდინარე, ეს ორი ორგანიზაცია ვერ კისრულობს ამ ფორმატით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის ვალდებულებას და მუშაობას წყვეტს. ამასთან, გამოხატავენ მზადყოფნას, მათ მიერ წარმოებული საქმეები და მომზადებული დასკვნები წარადგინონ ჯგუფში და ამ მხრივ დაეხმარონ მას მუშაობაში.