სამართალი
ახალი ბრალეულობა ახალაიასა და კალანდაძის საქმეში

1-kbila-sazogaaaa2თბილისი, 13 ნოემბერი, საქინფორმი. შს ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასა, და გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძის საქმეში ახალი ბრალეულობები გამოიკვეთა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. პროკურატურის განცხადებით, 2010 წლის 10 თბერვალს გვარდიის დეპარტამენტის ასეულის 17 თანამშრომელმა დილის ვარჯიშზე უარი განაცხდა იმ მოტივით, რომ ისინი მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ. ახალაიას ბრძანებით, აღნიშნული პირები დასჯის მიზნით სენაკის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც ბაჩო ახალაიამ და გიორგი კალანდაძემ მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, წელს ზევით გააშიშვლეს და სიცივეში არბენინეს, შემდეგ კი აბანოში ჩაკეტეს, გამოურთეს გათბობა და სამი დღე-ღამის განმავლობაში ასე ამყოფეს.

„აღნიშნული ქმედებით ბაჩანა ახალაიამ ჩაიდინა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა – ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე) და 1441 მუხლის  მე-2 ნაწილის „ბ" და „დ" ქვეპუნქტებით (წამება - ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 15 წლამდე) გათვალისწინებული დანაშაული.

ბაჩანა ახალაიას ზემოაღნიშნული ქმედებით დარღვეულ იქნა, ასევე, ადამიანის  უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა).
გიორგი კალანდაძემ, რომელმაც სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჯარისკაცებს, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის  „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
ჩადენილ დანაშაულთა გამო, ბაჩანა ახალაიას და გიორგი კალანდაძეს 2012 წლის 12 ნოემბერს წარედგინათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევისათვის.
საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, – ნათქვამია განცხადებაში.