აქტუალური
პრემიერ-მინისტრს ბელგიაში საქართველოს წარმომადგენლობა არ დახვდა

1-ardaxvda-aqtuaaa1თბილისი, 13 ნოემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ბრიუსელში არც სალომე სამადაშვილი  დახვდა – ევროკავშირში საქართველოს ელჩი და არც გეგა მგალობლიშვილი – ნატოში მუდმივმოქმედი წარმომადგენელი. ამის შესახებ პირველად ინფორმაცია საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა თავის გვერდზე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გეგა მგალობლიშვილი პრაღაში ნატოს საპარლამენტრო ასამბლეის 58-ე სესიას ესწრება.

ევროკავშირში საქართველოს ელჩმა სალომე სამადაშვილმა კი განმარტა,  რომ მას ივანიშვილის დახვედრის მითითება საგარეო საქმეთა სამინისტროდან არ მიუღია.

„მე ვარ ელჩი და ვასრულებ იმ მითითებებს, რომელსაც მაძლევს ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალბატონი მაია ფანჯიკიძე. მე ვამზადებ პრეზიდენტის ვიზიტს, რომელიც ასევე, საგანგებო რეჟიმში უნდა გაიმართოს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ჩამოსვლას, ეს  ვიზიტი საელჩოს სხვა წარმომადგენლებმა მოამზადეს. ესეც საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით გადაწყდა. პრემიერის ვიზიტიც ჩვეულებრივ მომზადდა. დახვედრა, დაბინავება... ამ პროცესში საელჩოს წარმომადგენლებიც და პროტოკოლიც მონაწილეობდა“, – განმარტა სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, პრემიერის მიერ მოწოდებულ პროტოკოლში თავად არ ფიგურირებდა და ვარაუდობს, რომ რაკი მაღალი ფორმატის შეხვედრები საკმაოდ შეზღუდულია, ამიტომ იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება.

ამ ფაქტს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე გამოეხმაურა, რომელიც ამ ქმედებას უარყოფითად განიხილავს: „ეს აბსოლუტურად დიპლომატიური კაზუსია.  შეიძლება ამას აქვს რაიმე ობიექტური ან სუბიექტური მიზეზი, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ელჩი არ ხვდება იმ ქვეყანაში ჩასულ პრემიერს, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი“.