პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ვიზიტის ფარგლებში

1premieri-politikaa2თბილისი, 13 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში იმყოფება. ბიძინა ივანიშვილი უკვე შეხვდა  ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს, ევროკომისარს ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრი მაია ფანჯიკიძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსანდრე პეტრიაშვილი ესწრებოდნენ. მხარეებმა ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა და ჰერმან ვან რომპუიმ მედიის წარმომადგენლებისთვის  განცხადება გააკეთეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება, რადგან  საქართველოს გზა არის ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე. თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვია.

შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. როგორც ჟოზე მანუელ ბაროზომ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

დაგეგმილია შეხვედრები ბელგიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, 14 ნოემბერს – ნატოს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან.