სამართლის ექსპერტები და იურისტები უკვე მსჯელობენ, თუ რა ტიპის ძალოვან უწყებებს მივიღებთ, ერთი მხრივ, შსს რეფორმა-რეორგანიზაციისა და, მეორე მხრივ, ახალი უშიშროების სამსახურის შექმნის შემდეგ და რა ფუნქციური და შინაარსობრივი დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ამ სამსახურს. ამ საკითხებზე "მთელი კვირა" სამართლის ექსპერტ კობა კაპანაძეს ესაუბრა.
- შსს რეფორმა-რეორგანიზაციისა და ახალი უშიშროების სამსახურის შექმნის საკითხმა საზოგადოებაში დიდი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მაინც რა ტიპის სამსახურის შექმნას ვაპირებთ?
-აზრთა სხვადასხვაობა და ინტერესი უშიშროების სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით გასაკვირი არ არის იმ საზოგადოებისგან, რომელმაც ახლახან დააღწია თავი ავტორიტარული მმართველობის მარწუხებს და უფრო მეტიც, მის მეხსიერებას ჯერ კიდევ ნათლად შემორჩა ამ მხრივ არსებული როგორც ბოლოდროინდელი, ასევე მძიმე საბჭოური მემკვიდრეობა. ახსოვს ღია საზოგადოების ცხოვრების წესთან შეუსაბამო, დემოკრატიულ სისტემასთან აბსოლუტურად აცდენილი, მათი მუშაობის საშიში სპეციფიკა, საშინელი მეთოდები და მძიმე შედეგები, რომელიც ამ ყაიდის სამსახურების საქმიანობას თან ახლდა.მაგრამ, თანამედროვე მსოფლიო, ცივილიზებული სამყარო, დღესაც უარს არ ამბობს სპეცსამსახურებზე და მათი განვითარებისთვის, არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწისთვის ძალისხმევას არ იშურებს.
დემოკრატიული სამყაროს ამ ტიპის სახელმწიფო სტრუქტურები აბსოლუტურად განხვავდებიან იმ სამსახურებისგან, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში ნეგატიურად აღიბეჭდა. ამიტომაც, საზოგადოება რაც უფრო მეტად გახდება ინფორმირებული, გააცნობიერებს თანამედროვე სპეცსამსახურების არსს, რაც მალე გავარკვევთ ხალხს იმაში, თუ რა გვინდა და რა ტიპის სამსახურის შექმნას ვაპირებთ, მით მალე მოიხსნება ამ საკითხის ირგვლივ არსებული ყველა კითხვის ნიშანი.
თუმცა, აქ სწორედ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა ქართულმა სახელმწიფომ და ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან ნელა და დაკვირვებულად უნდა ვიჩქაროთ. უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვსურს - სპეცსამსახური ნაწილობრივ საპოლიციო ფუნქციებით, თუ ამის გარეშე. უნდა შევთანხმდეთ და დავაზუსტოთ ტერმინები, გავარკვიოთ, რა სხვაობაა უშიშრობასა და უსაფრთხოებას შორის. რა ფუნქციური და შინაარსობრივი დატვირთვა აქვს უშიშროების სამსახურს და რა უსაფრთხოების სამსახურებს. რა არსებითი და პრინციპული სხვაობაა მათ შორის. რა აერთიანებს და განასხვავებს მათ ერთურთისგან.
ეს იმდენად მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია, რომ ამაზე უახლოეს ხანებში ღია და საჯარო სჯა-ბაასი, ფართო პოლემიკა აუცილებლად უნდა გაიმართოს.
- თვლით, რომ დღეს არსებული პოლიტიკური ვითარება ამ ტიპის რეფორმების წარმატებულად განხორციელების საშუალებას იძლევა?
- რა თქმა უნდა, ამის საშუალებას იძლევა, სწორი ხედვისა და წარმატებული რეფორმის შემთხვევაში. მართალია, ახალი სპეცსამსახურის თანამშრომლები, პატრულის მსგავსად, ჩვენს მოქალაქეებს ქუჩაში საბურავების გამოცვლაში შესაძლოა, ვერ დაეხმარონ და ეს არც უნდა იყოს მათი სამსახურებრივი მოვალეობა, მაგრამ ჩვენმა თანამოქალაქეებმა თავის თავზევე უნდა იგრძნონ, რომ საქართველოს სახელმწიფო თითოეული მათგანის უსაფრთხოებაზე ეფექტურად ზრუნავს.
დემოკრატიულ ქვეყნებში სპეციალურ სამსახურებს განსაკუთრებული როლი აქვთ ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების, სახელმწიფო წყობილების დაცვის საქმეში. ისინი მუშაობენ საიდუმლოდ, შეუმჩნევლად, რადგან თავად მათი ბუნება და ამოცანები მოითხოვენ ამას.
- ეს რაღაც პარადოქსია, არ ფიქრობთ, რომ ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის ღია საზოგადოების პრინციპთან, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით?
-ერთი შეხედვით ეს თითქოს ასეცაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სპეციალური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, მართალია, ფარული გზებითა და მეთოდებით, მაგრამ მაინც, ღია საზოგადოების, როგორც მონაპოვრის, დაცვაცაა. ამ "პარადოქსის" გამო, არსებობის აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, მათზე უარს ვერავინ ამბობს.
თუმცა, მეორე მხრივ, იმავდროულად შეინიშნება მსოფლიო თანამეგობრობის ერთსულოვნება დაზვერვისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურებზე დემოკრატიული კონტროლის გაძლიერების აუცილებლობის თაობაზე. ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიც არიან ეუთო, გაერო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთსულოვნად აღიარებენ, რომ სპეციალური სამსახურების საქმიანობა მეტი დემოკრატიული კონტროლის ობიექტი უნდა გახდეს, რაც ამ ტიპის სამსახურებზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კონტროლს მოიაზრებს.
- კონტროლი როგორ უნდა განხორციელდეს?
- კონტროლის განხორციელებისთვის აუცილებელია, კანონით ნათლად იყოს გაწერილი, თუ თითოეულ სუბიექტს რა ფუნქცია აქვს და იგი არ უნდა იქცეს რამენაირ იარაღად რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელში. კანონმდებლობის დონეზე, რომელიც არაორაზროვანი და ხელმისაწვდომი იქნება, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალის სტანდარტებიც გვიწესებს, ერთი მხრივ, შემუშავებული უნდა იქნეს კონტროლის განხორციელების ეფექტური მექანიზმები და მეორე მხრივ, ამ სამსახურის მოსამსახურეთა დაცვის ასევე ეფექტური სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური გარანტიები.
ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ყაიდის წარმატებული ქართული სპეცსამსახური. ამისთვის კი აუცილებელი იქნება როგორც წამყვანი ქვეყნების - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ისრაელის, ასევე ბოსნია-ჰერცოგოვინისა და ესტონეთის რეფორმების, კანონმდებლობისა და გამოცდილების გაზიარება.
რაც მთავარია, ახალი სპეცსამსახური ჩვენს რეალობაზე, ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების ამოცანებსა და გამოწვევებზე, ჩვენ წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით უნდა დავაფუძნოთ.
საქართველოში ახლახან შემოთავაზებული საკონსტიტუციო მოდელი, რომლითაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური პრემიერ-მინისტრია და საქმე გვაქვს ე.წ. შერეულ მოდელთან, ამ მხრივ არსებული კანონმდებლობის დახვეწას, ხშირ შემთხვევაში ახლის შემუშავებასა და ამ მოდელზე მორგებას ისედაც მოითხოვს. ამიტომ სასურველია, ჩვენ მხოლოდ რომელიმე უწყების რეფორმა კი არ დავიწყოთ, არამედ სისტემურად მივუდგეთ საკითხს და სამართლებრივი სისტემის რეფორმირება მოვახდინოთ.
- როგორ ფიქრობთ, ყოველივე ეს ფუნქციათა დუბლირებას ხომ არ გამოიწვევს?
-არა, პირიქით, თავიდან აგვაცილებს ფუნქციათა დუბლირებას. პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში კი, შესაძლებელია, იმდაგვარი სამართლებრივი სისტემა შევქმნათ, რომ ხელისუფლების ე.წ. ძალოვან ბლოკზე ეფექტურ შიდა კონტროლთან ერთად თითოეულ მათგანზე შესაბამისი მექანიზმების მეშვეობით, ეფექტური კონტროლი განხორციელდეს როგორც ხელისუფლების სამივე შტოს მხრიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით.
წარმატებული და სწორად გატარებული რეფორმის შედეგად შესაძლებელია, ისეთი სისტემა მივიღოთ, რომელშიც ხელისუფლების ერთი შტოს დაწესებულებებს შორის არ იქნება ფუნქციები აღრეული. აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვადასხვა სამინისტროები, ერთი მხრივ, იმუშავებენ ინტერესთა სრული თანხვედრისა და იმავდროულად კონკრეტულ საკითხებზე ურთიერთკონტროლის რეჟიმში.
- და მაინც რა იქნება ამ სისტემის დადებითი მხარე?
- ამ სისტემის დადებითი მხარე ის იქნება, რომ ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში სხვადასხვა უწყებების კოორდინირებულ მუშაობასა და ბალანსის დამყარებას დემოკრატიული ურთიერთკონტროლის გზით. აღნიშნული დემოკრატიული ბალანსი იქნება ერთ-ერთი საშუალება, რათა შემდგომში თავიდან ავიცილოთ ერთ კონკრეტული უწყებაში ძალაუფლების განუზომელი და მეტად საშიში კონცენტრაცია.
უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურების მუშაობის სპეციფიკა კი რიგ შემთხვევებში რამდენიმე უწყების კოორდინირებულ მუშაობასაც მოითხოვს, ისეთების, როგორიცაა, შსს, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და ა.შ. შესაბამისად, კანონით გაწერილი უნდა იყოს ამ უწყებათა ხელმძღვანელების ინფორმირებისა და ურთიერთვალდებულებების საკითხებიც.
განსაკუთრებულად უნდა დადგინდეს პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდეულების საკითხი.
დღეს არსებული მდგომარეობით, ჩვენ გვქონდა შსს-ს სტრუქტურულ შემადგენლობაში შემავალი სოდ-ი, კუდ-ი და ცალკე საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, საქართველოს დაზვერვის სამსახური, რომლის ხელმძღვანელსაც, განსხვავებით შსს მინისტრისგან, რომელსაც, მთავრობასთან ერთად, პარლამენტი უცხადებს ნდობას და ეს საპარლამენტო კონტროლის ერთგვარი ფორმაცაა, ერთპიროვნულად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
არადა, დაზვერვის სამსახურისა და ზოგადად, სპეცსამსახურის ხელმძღვანელის როგორც დანიშვნა, ასევე მისი დანიშვნის პროცედურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. პირის ამ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი პერსონა, პიროვნული თვისებები. იგი უნდა იყოს მაღალი ზნეობის, სუფთა წარსულის, დამოუკიდებელი პროფესიონალი პიროვნება. ეს ძალიან მაღალი თანამდებობაა, რომელსაც გარკვეული რისკებიც ახლავს და ამიტომაც მისი დანიშვნის პროცედურა მის თანამდებობას უნდა აძლიერებდეს.
შერეული კონსტიტუციური მოდელის პირობებში, სასურველია, საკითხის წამოჭრის ინიციატორი იყოს პრემიერი და იგი თანამდებობაზე ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცოს.
ასევე არსებობს განსხვავებული პროცედურებიც. მაგალითად, ავსტრალიის "კანონით დაზვერვის შესახებ", პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, სანამ კანდიდატურას ოფიციალურად დასამტკიცებლად წარადგენს, კონსულტაციები გამართოს ოპოზიციის ლიდერებთან. თუმცა, ჩვენს რეალობაში ეს რამდენად გამოდგება, პოლიტიკური გადაწყვეტილებების სფეროს განეკუთვნება.
ჩვენთან რეალურად არანაირი კონტროლი, გარდა საპრეზიდენტო და შიდა უწყებრივი კონტროლისა, დაზვერვის სამსახურზე არ ხორციელდებოდა, რადგან საკანონმდებლო დონეზე არ იყო გაწერილი ამის ეფექტური მექანიზმები, რაც თავის მხრივ დაუშვებელია და არ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებს.
ასევე არ არსებობდა ეფექტური სისტემა, რომელიც თავიდან აგვაცილებდა სპეცსამსახურის მოსამსახურეთა და ხელმძღვანელთა მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის არამართლზომიერად გამოყენებას, რაც თავის მხრივ ერთგვარ საფრთხეს უქმნიდა ღია საზოგადოებასა და დემოკრატიულ წესწყობილებას. არ იყო შემუშავებული ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც თუნდაც ამ სამსახურის თანამშრომლების ეფექტურ სამართლებრივ დაცვას მოახდენდა, უკანონო, თუნდაც დანაშაულებრივი ბრძანების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში. ამიტომაც, სამწუხაროდ, ქვეყანაში მივიღეთ არა თუნდაც რეალურად საქმის კეთებაზე ორიენტირებული სპეცსამსახურები, არამედ პოლიტიკური პოლიცია შსს-ს სტრუქტურული დანაყოფების - სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტების სახით. თუნდაც წარსულის შეცდომების გათვალისწინებით, იგივე შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ.
-ჩაგეკითხებით, უფრო კონკრეტულად მაინც რა მექანიზმები უნდა შემუშავდეს, რომ უწყებამ ეფექტურად იმუშაოს?
- უწყებამ გამართულად, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად რომ იმუშაოს, ყველაფერთან ერთად, საჭიროა, სპეცსამსახურის მუშაკთათვის შემუშავდეს ეთიკის კოდექსი. დადგინდეს მათი დაცვის დაბალანსებული და იმავდროულად მაღალი სტანდარტი. აი, აქ კი, თუ გავითვალისწინებთ როგორც ბოსნიის, ასევე კანადის გამოცდილებას და ჩვენ უკეთეს სტანდარტს დავაწესებთ, ალბათ ურიგო არ იქნება.
მაგალითად, ბოსნიის კანონით "უშიშროების სამსახურისა და სადაზვერვო ორგანოების შესახებ," კარგადაა განმარტებული, რომ, თუ უწყების მოსამსახურე მიიღებს უკანონო ბრძანებას, მას შეუძლია, ამაზე ბრძანების გამცემის ყურადღება მიაპყროს და განუცხადოს, რომ ეს უკანონო ბრძანებაა. თუ ბრძანების გამცემი იგივეს გაიმეორებს, ბრძანების მიმღები ვალდებულია, ეს ბრძანება წერილობითი ფორმით მოითხოვოს. ამის შემდეგ, თუ მას ისევ დარჩება ეჭვი, იგი ამ დოკუმენტს გადასცემს ბრძანების გამცემის უშუალო უფროსს და ვალდებულია, არსებული გარემოებების თაობაზე უწყების პირველ პირს დაუყოვნებლივ მოახსენოს, ჩააბაროს ანგარიში. ამის შემდეგ მას შეუძლია, ბრძანების შესრულებაზე უარი თქვას.
ეს კანონი შიდა კონტროლის ეფექტურ მექანიზმებსაც აწესებს და იმავდროულად მოსამსახურეს საშუალებას აძლევს, არ შეასრულოს უკანონო ბრძანება. ამ გზით თავიდან აირიდოს მისი შესრულების შედეგად გამოწვეული პასუხისმგებლობა.
- უცხოური გამოცდილება კარგია, მაგრამ ქართულ რეალობას როგორ უნდა მოარგოთ?
- სასურველია, თუ ჩვენს კანონმდებლობაში ავსახავთ, რომ სანამ პირი მის მიერ უკანონოდ მიჩნეული ბრძანების შესრულებაზე საბოოლოდ იტყვის უარს, მას უნდა ეკისრებოდეს ვალდებულება გარდა იმისა, რომ არსებული გარემოებების თაობაზე უწყების პირველ პირს დაუყოვნებლივ მოახსენოს, ჩააბაროს ანგარიში და წერილობით დაუსაბუთოს, რატომ მიაჩნია მას ეს ბრძანება უკანონოდ. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეეძლოს მას, ბრძანების შესრულებაზე უარი თქვას.
უფრო მეტიც, შესაძლოა, კანონმდებელმა დაუშვას გამონაკლისი, მაგალითად, თუ სპეცსამსახურის თანამშრომელი მიიღებს ისეთ ბრძანებას, რომლის შესრულება ირიბად ან პირდაპირ შესაძლოა, ხელს უწყობდეს ან უშუალო მონაწილეობას ავალებდეს ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა ტერორიზმი, სახელმწიფო გადატრიალება და სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, რომელის ჩამონათვალიც კანონში უნდა შევიდეს, მას შემდეგ, რაც იგი წერილობით ბრძანებას მიიღებს, უნდა ევალებოდეს ბრძანების გამცემის გვერდის ავლით ამის შესახებ დასაბუთებული წერილობითი ანგარიში გაუგზავნოს მინისტრს, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს, ან ორივეს ერთდროულად. ასეთი შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში კი გაამჟღავნოს ინფორმაცია.
მაშასადამე, მასმედიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ექსპერტების საშუალებით, ამუშავდება საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები რაც ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ჩართვასაც გამოიწვევს. იმავდროულად, პირის მიმართ უნდა გატარდეს დაცვის სპეციალური ღონისძიებები. შემდგომ მან სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს, რომ კონკრეტული ინფორმაციის გამჟღავნება შეიცავდა ნაკლებ საზოგადოებრივ საშიშროებას, ვიდრე მისი დაფარვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან პასუხი უნდა აგოს კანონით დადგენილი წესით.
- თუ არ ვცდები, ამ საკითხს ნაწილობრივ ჩვენი სისხლის სამართალიც არეგულირებს. ოპონენტები არ შემოგედავებიან?
-გემეთანხმებით, თუმცა ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რომლის დროსაც შესაძლოა, მოსამსახურის მიერ გამჟღავნებული იქნეს ინფორმაცია, რომლის გაუმჟღავნებლობა მის სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა, ან ის ინფორმაცია, რომელიც კანონით საიდუმლოდ ითვლება. მეორე მხრივ, ეს შექმნის ახალ სპეცსამსახურზე პრემიერ-მინისტრის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მხრიდან ერთგვარი ეფექტური კონტროლის მექანიზმს. შიდა ეროვნული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა სადაზვერვო და უშიშროების სამსახურების საქმიანობის მარეგულირებელ მსოფლიო საკანონმდებლო პრაქტიკასთან და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტების შესაბამისად, კანონით ნათლად და არაორაზროვნად იქნება განმარტებული, ასეთ შემთხვევაში სპეცსამსახურის მუშაკს რისი უფლება აქვს და რისი არა. დამეთანხმებით, სასურველია, ყველა უფლება ვალდებულებით დაბალანსდეს.
- მაინც როგორ უნდა დაბალანსდეს?
-უნდა განვსაზღვროთ, გვჭირდება თუ არა ამნაირი კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, თუ არსებულისგან განსხვავებით შემოვიღებთ კანონს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. რა სახის კონტროლის დაწესების უფლებას მივცემთ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს - აბსოლუტურის, როგორც ეს აქამდე იყო, თუ ღია საზოგადოების, დემოკრატიული სისტემის სასარგებლოდ გავაკეთებთ არჩევანს და მათ შევზღუდავთ თუნდაც იმაში, რომ არ ექნებათ უფლება, სპეციალური სამსახურებისგან გამოითხოვონ ინფორმაცია მათი პოლიტიკური ოპონენტების შესახებ.
შევძლებთ თუ არა, რომ შევიმუშაოთ ეფექტური მექანიზმები, რათა პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ვერ მოახერხონ, ძველებურად, მიღებულ ინფორმაციას ისე მოეკიდონ, როგორც პირად საკუთრებას და იგი თავიანთი პოლიტიკური, პიროვნული და თუნდაც კომერციული მიზნებისთვის გამოიყენონ;
როგორი საპარლამენტო კონტროლის ფორმას დავუჭერთ მხარს; შევქმნით თუ არა საკანონმდებლო ორგანოში ნდობის ჯგუფებს და მათ მივანიჭებთ კონკრეტულ საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების უფლებას; მივცემთ თუ არა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ან სხვა ქვეყნის მიერ კონტროლირებულ ჩვენს ტერიტორიებზე მომუშავე ჩვენი სპეცსამსახურის თანამშრომლებს წერილობით ინსტრუქციებს თუ ასე თვითდინებაზე მივუშვებთ ყველაფერს. უზრუნველვყოფთ თუ ვერა იმას, რომ ქვეყანა არ იყოს ღია ველი თითქმის ყველა ქვეყნის არალეგალური ინტერესების გასატარებლად. მივანიჭებთ ჩვენსავე სპეციალურ სამსახურს პრიორიტეტს და ქვეყნის რეალურ უსაფრთხოებაზე ვიზრუნებთ; რეალურად მოვახერხებთ თუ ვერა, სპეცსამსახურები პოლიტიკური გავლენისგან გავათავისუფლოთ...
მოკლედ, ჯერჯერობით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გაცხადებული პოლიტიკური ნება, ბევრ კითხვაზე პასუხი ვერ გვექნება, რადგან ამას, ყველაფერთან ერთად, სწორი ხედვა და თანმიმდევრული რეფორმები სჭირდება.
- ამას კვალიფიციური კადრები არ დასჭირდება?
- დაზვერვისა და უშიშროების სამსახურების თანამშრომლის კარგ კადრად ჩამოყალიბებას დიდი გამოცდილება და დრო სჭირდება. ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება ერთგვარი ხელოვნებაა. ამიტომ, რადგან უკვე მოხერხდა არსებული კადრების ვიწრო პარტიული ინტერესებიდან განთავისუფლება, ალბათ მათი გარკვეული ნაწილი ქვეყნის სამსახურში დაბრუნებასაც მოახერხებს. აუცილებელია ახალი და გონიერი კადრებით შევსებაც, რომელთაც ხშირი ტრენინგები უნდა ჩაუტარდეთ, ერთი მხრივ არსებული ცოდნის გასაღრმავებლად. მეორე მხრივ, მსოფლიო ქვეყნების სადაზვერვო და უშიშროების სამსახურების ახალი ბაზისა და მსოფლიო თანამეგობრობის მიერ შემუშავებული, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დადგენილი უკეთესი, ახალი სტანდარტების შესახებ.
მთავარია, რომ ქვეყპნას უკვე ჰყავს ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ მოქალაქეებზე, ადამიანებზეა ორიენტირებული. ამიტომ მგონია, რომ ეს რეფორმაც წარმატებული იქნება
ესაუბრა ია აბულაშვილი