თბილისი, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ყვითელი ავტობუსების მძღოლები გაფიცვას განაგრძობენ და ხელფასების მომატებამდე მუშაობას არ აპირებენ. გუშინ საღამოს ისინი თბილისის მერის მიერ ეკონომიკის სამინისტროსთვის გაკეთებული შეთავაზების შემდეგ გაფიცვის შეწყვეტას გეგმავდნენ, თუმცა დღეს დილით მათ ეს გადაწყვეტილება შეცვალეს.
გუშინ მერიაში საკრებულოს წარმომადგენელთა დაპირისპირებაც მოხდა. სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მძღოლებმა მათი გადადგომა მოითხოვეს. მძღოლებთან ერთად მერიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი სოსო ჯაჭვლიანიც მივიდა. შეხვედრაზე ის გაფიცულთა მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის უფროს აკაკი ჯოხაძისა და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელ ლევან კოპლატაძის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვდა.ჯაჭვლიანი მერიის შენობასთან შეკრებილ მძღოლებს ახალი მთავრობის მხარდაჭერას დაჰპირდა, ამასთან, მისი თქმით, „შემდგოიმი ნაბიჯი იქნება ის, რომ შემოვა მერიაში ყველა ის სამართალდამცავი, ვინც ზედმიწევნით, კაპიკ-კაპიკ შეამოწმებს, რა ხდებოდა აქ“.
მძღოლებს სოლიდარობას უცხადებენ მეტროს თანამშრომლებიც. არ გამოირიცხება, გაფიცულთა რიცხვს მემანქანეებიც შეუერთდნენ.
თბილისის მერი გიგი უგულავა მიანიშნებს გაფიცვათა ტალღის მოდებაზე სხვა სამსახურებზეც – როგორიცაა წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება, დასუფთავება.
იგი ცენტრალურ მთავრობას, მმართველ კოალიციას სთავაზობს, მისი აზრით, „ლოგიკურ და სწორ გამოსავალს – ეკონომიკის სამინისტრომ მთელი კომპანია წაიღოს მუნიციპალური საკუთრებიდან სახელმწიფო საკუთრებაში“, რასაც ეკონომიკის სამინისტროდან მოჰყვა პასუხი, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია და თბილისის მეტროპოლიტენი მუნიციპალური დაქვემდებარების ობიექტებია. შესაბამისად, დედაქალაქის მერია ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული სტრუქტურების გამართული ფუნქციონირება და მათ გარშემო არსებული ნებისმიერი საკითხის თუ პრობლემის მოგვარება“.
სამინისტრო თვლის, რომ უგულავას „რუსთავი 2“-ის პირდაპირი ეთერით 11 ნოემბერს გაკეთებული განცხადება არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება.