აქტუალური
რაზვოზჟაევის საქმეში ქართული ფული ამოტივტივდა

1-razvozhaev-aqtuaaa2თბილისი, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ოპოზიციონერმა ლენიდ რაზვოზჟაევმა გამომძიებლებს ის 3300 დოლარი გადასცა, რომელიც ქართველი პოლიტიკოსის გივი თარგამაძისგან კონსტანტინე ლებედევის მეშვეობით მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა „ლენტა.რუ“ ავრცელებს.

ამის შესახებ ნათქვამია აღიარებით ჩვენებაში, რომელიც, რფ-ის საგამოძიებო კომიტეტის ვერსიით, ნებაყოფლობით დაწერა რაზვოზჟაევმა. „The New Times“-მა კი გამოაქვეყნა აქტივისტის მიერ დაწერილი ჩვენების ბოლო ფურცლის ასლი. რფ-ის საგამოძეიბო კომიტეტის წარმომადგენელ ვლადიმირ მარკინის თქმით, სულ რაზვოზჟაევმა 10-გვერდიანი ტექსტი დაწერა.

აღიარებითი ჩვენების ბოლო გვერდზე მოთხრობილია, როგორ მოხვდა რაზვოზჟაევი რუსეთში. დოკუმენტის მიხედვით, კიევში, „ხაისის“ (სინამდვილეში ორგანიზაციას HIAS ეწოდება) ოფისიდან გამოსულმა რაზვოზჟაევმა შენიშნა, რომ უთვალთვალებდნენ, გააჩერა ავტომანქანა და მძღოლს ვაგზალზე წაყვანა სთხოვა, თუმცა გზაში რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტა. აღიარებით ჩვენებაში ნათქვამია, რომ რაზვოზჟაევმა მძღოლს მოსკოვში წაყვანა სთხოვა, სადაც 3 ათას რუბლად ბინა დაიქირავა. ბოლოს და ბოლოს, როგორც დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, ოპოზიციონერმა ჩადენილის მონანიება გადაწყვიტა, რადგან „დანაშაულს ქართული პოლიტიკური ელიტის შეკვეთით სჩადიოდა“.

ეს აღიარებითი ჩვენება ლეონიდ რაზვოზჟაევმა საჯაროდ უარყო მოსკოვის საქალაქო სასამართლოში, რომელიც დაპატიმრების შესახებ სარჩელს განიხილავდა. ამასთან, მან დაადასტურა, რომ 19 ოქტომბერს იგი კიევში უცნობმა პირებმა მოიტაცეს. აქტივისტმა სამართალდამცავებს ამცნო, რომ იგი რუსეთში ჩაიყვანეს, სადაც მისი და ოჯახის წევრების   სიცოცხლის მუქარით აღიარებითი ჩვენება დააწერინეს.

რფ-ის საგამოძიებო კომიტეტში კი ირწმუნებიან, რომ რაზვოზჟაევი რფ-ის საგამოძეიბო კომიტეტის მთავარ სამმართველოში ნებაყოფლობით მივიდა.

შეგახსენებთ, რომ ლეონიდ რაზვოზჟაევს, კონსტანტინე ლებედევსა და სერგეი უდალცოვს რფ-ში მასობრივი არეულობების მომზადებაში ადანაშაუელბენ. გამოძიების ევრსიით, 2012 წლის ივნისში ისინი მინსკში ჩავიდნენ გივი თარგამაძესთან არეულობების დაფინანსების თაობაზე მოსალაპარაკებლად.