სამართალი
გენშტაბის უფროსი – გმირი და დამნაშავე

1-kalanda-samarTaaali1თბილისი, 12 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ შს ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა სასამართლო დარბაზიდან 20-20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი კალანდაძეს კვლავ უნდა გაეგრძელებინა აღნიშნულ პოსტზე სამსახური.

10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა გაერთიანებული შტაბის უფროსი  სასახლეში მიიწვია და მასთან საუბრისას განაცხადა: ,,ჩვენ შევქმენით ისეთი შეიარაღებული ძალები, რომელზეც ეს პოლიტიკური კონიუნქტურა ვერანაირად ვერ იმოქმედებს, იმ გაგებით, რომ ისინი ემსახურებიან არა რომელიმე პარტიას, მთავრობას ან რომელიმე პრეზიდენტს, არამედ ისინი ემსახურებიან ქართველ ხალხს. მთავარია, ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული. ჩემი რჩევა იქნება, რომ ეს ყველაფერი მოვიტოვოთ უკან, დაბრუნდით გენშტაბში და გააგრძელეთ სამშობლოსათვის ისეთივე ერთგული სამსახური, როგორითაც გასული წლების განმავლობაში საქმიანობდით“.

იმავე დღეს თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრას გენერალი გიორგი კალანდაძეც ესწრებოდა, რომელიც პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ უწყებაში პირველად მივიდა. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა უწყების გეგმებზე და შეიარაღებულ ძალებში მონიტორინგის მიმდინარეობაზე ისაუბრა. ირაკლი ალასანიას განცხადებით: „უდანაშაულობის პრეზუმფცია არის  ჩვენი ქვეყნის სამართლიანობის მთავარი პრინციპი. სწორედ ამიტომაც, ვიდრე არ იქნება ნებისმიერი ინკრიმინირებული დანაშაული დამტკიცებული სასამართლოში, ყველა ადამიანი არის უდანაშაულო“.

თუმცა ალასანიამ იქვე დასძინა, რომ გამოძიების მიმდინარეობის გამო ორშაბათს შესაძლებელია გენერალ კალანდაძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგეს, მაგრამ „ეს არ ნიშნავს, რომ შევჩერდებით. ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, თავდაცვისუნარიანობას“.

გუშინ კი, 11 ნოემბერს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გენერალ  გიორგი კალანდაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა. გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობას დროებით ვახტანგ კაპანაძე შეასრულებს.

გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გენერალი გიორგი კალანდაძე დღეს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, კაპანაძეს მოუწევს დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა. მისივე თქმით, გენერალს უკვე გადაეცა უწყება, რომლის მიხედვითაც, დღეს, 12 ნოემბერს,15:00 საათზე, იგი მთავარ პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს.