საზოგადოება
ჩხარტიშვილის პრესმდივნის მიმართვა „რუსთავი 2“-ის ღია და ფარული მეპატრონეებისადმი

1-Cxarti-sazogaaa3თბილისი, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის  პრესმდივან გიორგი გიორგაძის საქინფორმისთვის შეტყობინების თანახმად, პარასკევს, 9 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა ტირაჟირება გაუკეთა სოციალურ ქსელში ანონიმურად გავრცელებულ ვიდეოპასკვილს, რომელიც თავიდან ბოლომდე გაჯერებული იყო ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი მტკიცებით ფორმაში გაკეთებული სრულიად უსაფუძვლო და შეთითხნილი ბრალდებებით.

მოვითხოვთ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ღია და ფარული მფლობელების – ლევან და გიორგი ყარამანიშვილების, გიორგი გეგეშიძის, ასევე, „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის განმსაზღვრელი გიგი უგულავასგან, ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენელს დაეთმოს იმავე მოცულობის საეთერო დრო საინფორმაციო პროგრამა „კურიერის“ იმავე გამოშვებებში, რათა უაპელაციოდ და უარგუმენტოდ ღირსებაშელახულ მხარეს მიეცეს საშუალება, საზოგადოებას აუხსნას, თუ რას ემსახურებოდა „რუსთავი 2“-ის მიერ შეგნებულად გავრცელებული ეს ანონიმური ვიდეოპასკვილი, რეალურად რაშია საქმე, ვინ დგას ამ ბინძური პროვოკაციული კამპანიის უკან, კიდევ რა აქვთ დაგეგმილი და რას ისახავენ მიზნად.

აქვე აღვნიშნავთ, რომ „რუსთავი 2“-ის მხრიდან ამგვარი მოქმედება არც ჩვენს და, ვფიქრობთ, არც საზოგადოების გაოცებას არ იწვევს, თუმცა, გაკვირვების განცდას ნამდვილად ტოვებს, რამდენადაც, ტელეკომპანია, რომელიც ფორმალურად მაინც პრეტენზიას აცხადებს აკადემიურობასა და ჟურნალისტური სტანდარტებისადმი ერთგულებაზე, ანონიმური ვიდეოპასკვილების ტირაჟირებას უაპელაციოდ და მეორე მხარის პოზიციის წარმოჩენის გარეშე არ უნდა ახდენდეს.

იმ შემთხვევაში, თუკი  12 ნოემბრამდე „რუსთავი 2“ ჩვენს ამ საჯარო განცხადებას ასევე საჯაროდ, დადებითად არ გამოეხმაურება, ბუნებრივია, ჩვენი მხარე გამოიყენებს ყველა კანონიერ და სამართლებრივ ბერკეტს, რათა პასუხი მოსთხოვოს სამაუწყებლო კომპანიას პატივისა და ღირსების  შემლახავი ვიდეოპასკვილის გავრცელების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.