რელიგია
ილია მეორე: „ჩვენ მტკვრის ნაპირზე უნდა გვქონდეს ასი ათასი მოწამის ტაძარი“

1-patriar-saqtaaa1-religii1თბილისი, 12 ნოემბერი, საქინფორმი. „უფლის წყალობა დიდია და აურაცხელი. ადამიანი მიდის ღვთისაგან და უფალი მოდის მაინც ჩვენთან. უფალი წყალობს ადამიანს, იმიტომ, რომ ხატია ღვთისა“, – ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

მან მრევლს შეახსენა წერილობითი დავალება თემაზე „ღმერთი სამშობლო და ადამიანი“ და აღნიშნა, რომ ეს არის ქვაკუთხედი ჩვენი ცხოვრებისა. ეს არის ის, რასაც უნდა დაეყრდნოს ყოველი ადამიანი, ყოველი სახელმწიფო და მთელი მსოფლიო.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, ჩვენ ოდითგანვე მორწმუნეები ვართ, მაგრამ იყო ტრაგიკული დღეები და წლები, როცა ადამიანი თავისი ხელით ანგრევდა ტაძრებსა და მონასტრებს. დღეს არის დრო, როცა ვაშენებთ. „უპირველეს ყოვლისა, უნდა ავაშენოთ სულიერი ტაძარი ჩვენს გულში“.

სამების ტაძართან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ „ეს არის კარიბჭე სასუფეველისა და შემთხვევით არ არის, რომ წმიდა სამების სახელზეა აგებული. ვმადლობთ უფალს. ჩვენი სარწმუნოება გამოვლინდა ამ ტაძრის მშენებლობაში“. ასევე უწმინდესია სამშობლო – „ეს არის ჩვენი სული და ხორცი, ჩვენი წარსული და მომავალი. ეს არის უდიდესი სიწმინდე“.

ჩვენი მიწა მორწყულია მოწამეების სისხლით. მთელი მტკვრის ნაპირი, სადაც რაღაც უცნაური ქანდაკებებია თუ რაღაც მშენებლობა, სულ წმინდანების სისხლითაა მორწყული და ჩვენ ამ ადგილზე უნდა გვქონდეს ტაძარი ასი ათასი მოწამის“, – ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა მრევლს შეახსენა, რომ 13 ნოემბერს, სამშაბათს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, ტაძარში იქნება წირვა, რომელსაც შეასრულებს მღვდელმთავარი და საღამოს 3 საათზე დაიწყება ხალხის მსვლელობა ტაძრებიდან. 5 საათზე მეტეხის ხიდზე პარაკლის თავად პატრიარქი შეასრულებ.

„მსოფლიოში არ არის არცერთი ქვეყანა, არცერთი ეკლესია, რომ ჰყავდეს ამდენი მოწამე და ამდენი წმიდანი. ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა“, – ბრძანა პატრიარქმა.

ამასთან, ილია მეორემ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ადამიანი ღვთის უძვირფასესი ქმნილებაა და თითოეულს უნდა გავუფრთხილდეთ. „ჩვენ არ გვაქვს უფლება, შეურაცხყოფა მივაყენოთ ადამიანს. ადამიანი – ეს გვირგვინია ქმნილებისა“, – აღნიშნა პატრიარქმა და დასძინა, რომ უნდა ვიტვირთოთ სიმძიმე სხვათა, მოვიკითხოთ გაჭირვებული ხალხი, რითაც აღვასრულებთ ჩვენ სჯულსა ქრისტესას, უნდა ვიჩქაროთ კეთილი საქმის კეთებაში.