პოლიტიკა
სასამართლო პროცესი სოლიდარობის აქციის ფონზე

1-sasamarTlo--politikaaaთბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, დაკავებულ ყოფილ ძალოვან მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესი 14 საათზე გაიმართა. საქალაქო სასამართლოს სხდომა  დაკავებულთა – ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას – სოლიდარობის აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

სასამართლოსთან შეიკრებნენ ახალაიას მეგობრები – თეა თუთბერიძე, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, საზოგადოების წევრები, მათ შორის, ზუგდიდიდან ჩამოსულები.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, სამივე დაკავებულს თავდებში უდგება საპარლამენტო უმცირესობის 29 წევრი, მათ შორის, აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაურიც.

თეა თუთბერიძის განცხადებით, „ამ ქვეყანაში დეზერტირები იჭერენ გმირებს“.

როგორც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, სამივე ბრალდებულს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. მისი განმარტებით,

„ბაჩანა ახალაიას მიერ ჩადებილი დანაშაულის დასაბუთებული ვარაუდის საკმარის საფუძველს იძლევა მტკიცებულებათა შემდეგი ერთობლიობა: დაზარალებულისა და სხვა პირთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები. ამ დანაშაულებრივი ეპიზოდის გათვალისწინებით,  გუშინ ბაჩანა ახალაიას წარედგინა ბრალი  და სასამართლოში შეტანილ იქნა შუამდგომლობა  აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. გუშინვე ბრალი იყო წარდგენილი გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას მიმართ და აღმკვეთ ღონისძიებად მოთხოვნილ იქნა პატიმრობა“.

როგორც კბილაშვილმა აღნიშნა, არა მარტო სერგო თეთრაძის, არამედ ათეულობით განცხადებაა შემოსული საქართველოს პროკურატურაში ბაჩანა ახალაიას შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებათა მიმართ, მიმდინარეობს მათი ინტენსიური შესწავლა, მტკიცებულებათა მოძიება და უახლოეს დროში არ გამორიცხავს, რომ კიდევ ახალი ეპიზოდების შესახებ გახდეს ცნობილი.

რაც შეეხება კალანდაძის ქმედების სამართლებრივ კვალიფიკაციას, კბილაშვილის თქმით, „განისაზღვრა, ახლაც ხორციელდება და უახლოეს დროში მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნეს მისი პასუხისმგებლობა“.