პუბლიკაციები
საქართველოს ესაჭიროება საბჭოთა ეპოქის ისტორიის მუზეუმი, ნაცვლად ე.წ. ოკუპაციის მუზეუმისა

1-aktual3-muzeiთბილისი, 8 ნოემბერი, საქინფორმი. გთავაზობთ ევრაზიის ინსტიტუტის განცხადებას.

„2006 წლის 26 მაისს თბილისში ე.წ. საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა. თავად ამ ფაქტით, რომელიც ბალტიისპირელების წაბაძვით მოხდა, ითქვა: „საბჭოთა პერიოდის ისტორიას საქართველოსათვის მხოლოდ უარყოფითი შედეგები აქვს მოტანილი“. მუზეუმის შექმნის ინიციატორებს დაავიწყდათ დღეს უკვე მართლაც სამუზეუმოდ ქცეული რუსთავის მეტალურგიული ქარხნის განთავსება მუზეუმში, თავად ქალაქ რუსთავითურთ, რომელიც სწორედ ოკუპაციის პირობებში აშენდა... მუზეუმში არ არის ინფორმაცია არც თბილისის მეტროპოლიტენზე, წიფის გვირაბზე, ჰიდრო- და ელექტროსადგურებზე, ვირტუოზულ ქართულ ფოლკლორულ ანსამბლებზე, თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებზე, ქართული მეცნიერების, კულტურის და სპორტის მიერ დაპყრობილ მწვერვალებზე  – ყოველივე ეს საბჭოთა ოკუპაციის პირობებში აშენდა, დაინერგა და განვითარდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ... არ არის განთავსებული სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რა შემოსავალი ჰქონდა რიგით მშრომელ ქართველს ოკუპაციის პირობებში და რა შემოსავალი აქვს დღეს. მინიშნებაც არაა იმაზე, რომ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში ქართველი მათხოვარი ქუჩაში არავის ახსოვს და არც ქართველი მანდილოსნები ვაჭრობდნენ საკუთარი სხეულით თურქეთის ქალაქებში.

მუზეუმში განგებ არის შექმნილი დამთრგუნველი ატმოსფერო, ვიზუალური ეფექტები, რომლებიც თითქმის სამგლოვიარო განწყობას ქმნიან და ამით დარტყმას აყენებენ დამთვალიერებლის ფსიქიკას. შემთხვევითი არ არის, რომ 2009 წლის 7 აგვისტოს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ღია ცის ქვეშ, მოხდა კიდევ ერთი „ოკუპაციის მუზეუმის“ პრეზენტაცია – ამჯერად უკვე არა საბჭოთა, არამედ თანამედროვე რუსულის... თუმცა პრობლემის არსი ამ მუზეუმებში არ არის, პრობლემის არსი არის ის, რომ მტრის ხატი მეზობელი რუსეთისაგან საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის მიერ არაერთი წელიწადის მანძილზე ინერგებოდა და მიზანმიმართულად ძლიერდებოდა. „ოკუპაციის მუზეუმიც“ მოწოდებულია, რომ მისი დამთვალიერებლები სიძულვილით განიმსჭვალონ საბჭოთა წარსულისა და საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის – რუსეთის მიმართ. „ოკუპაციის მუზეუმი“ რეჟიმის ერთ-ერთი ინსტრუმენტთაგანია თანამედროვე რუსული სახელმწიფოსგან მუდმივი მტრის ხატის ჩამოსაყალიბებლად. დღეს კი უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ მტრის ასეთი ხატი რეჟიმს პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით „გამყიდველების“, „აგენტების“ და „ჯაშუშების“ მოსაძებნად სჭირდებოდა, რითაც იხსნებოდა სივრცე, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებების განსახორციელებლად.

ქართველი ხალხი იმაზე უკეთ ერკვევა ისტორიაში, ვიდრე ეს აწ უკვე დასრულებული რეჟიმის წარმომადგენლებს წარმოედგინათ, და საქართველოში ცოტა ვინმე თუ ინტერესდება ე.წ. ოკუპაციის მუზეუმით, რომელშიც თითქმის არასოდეს არიან დამთვალიერებლები – ტურისტებიც ასევე ნაკლებად ინტერესდებიან უნიჭო პროპაგანდით. თუმცა ეგრეთ წოდებული მუზეუმის არსებობის გაგრძელების მავნეობა ცალსახაა: პირველ ყოვლისა, ფუჭად იხარჯება ქართველი გადასახადის გადამხდელების ფული; მეორე, ტენდენციური მუზეუმის არსებობის ფაქტმა, როგორც ასეთმა, შეიძლება, ნეგატიურად იმოქმედოს რუსეთთან კავშირების აღდგენის პროცესზე; მესამე და მთავარი: ქართველთა მზარდ თაობებს აქვთ უფლება ისტორიული ჭეშმარიტების ცოდნაზე, არ შეიძლება, რომ მათ თავს მოახვიონ იდეოლოგიზირებული ისტორია.

ამიტომ, აუცილებლად მიგვაჩნია, პროპაგანდისტული „ოკუპაციის მუზეუმის“ ბაზაზე შეიქმნას ნამდვილი ისტორიული მუზეუმი, რომელიც მოიცავს საქართველოს ისტორიის საბჭოთა პერიოდს – როგორც უარყოფითი, ისე ყველა მისი დადებითი გამოვლინებით. ჩვენ მივმართავთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, უახლოეს დროში განიხილოს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი“.

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი,

პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი;

ლევან მეტრეველი,

ევრაზიის ინსტიტუტის სოციოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი,

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.