პოლიტიკა
ახალაიას, კალანდაძისა და შამათავასთვის ბრალის წაყენების პროცედურა დაიწყო

1-sammartveloთბილისი, 8 ნოემბერი, საქინფორმი.  ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავასთვის ბრალის წაყენების პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს. პოლიციის მთავარ სამმართველოში უკვე იმყოფებიან დაკავებულთა ადვოკატები. ბრალის წაყენება მათი თანდასწრებით დროებითი მოთავსების იზოლატორში მოხდება. შეგახსენებთ, რომ შს ყოფილ მინისტრს, გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსსა და მეოთხე ბრიგადის მეთაურს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

დროებითი მოთავსების იზოლატორში შესვლამდე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი ამ დროისათვის საქმეს საერთოდ არ იცნობენ  და მათთვის უცნობია, ასევე, ბრალდებების ფორმულირება, რომელთაც დაკავებულებს წაუყენებენ.  ამიტომ ადვოკატები ვერაფერს ამბობენ იმის თაობაზე, შესაძლებელია თუ არა, დღეს კიდევ დამძიმდეს რომელიმე დაკავებულის ბრალდება. მათი თქმით, საქმე  სრულად ბრალდების წაყენების შემდეგ გადმოეცემათ.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი კი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, კვალიფიკაცია დღესვე შეიცვალოს. „მაქვს მოლოდინი, რომ რაღაცას დაამატებენ, იმიტომ, რომ ამ ხნის განმავლობაში ხდება ინტენსიური დევნა ადამიანების, ბაჩოს და გიგის ირგვლივ, მათ შორის, შევარდნები ოჯახში, შემოწმებები და ა. შ. თუმცა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რა სამარცხვინო ფაქტი ხდება „ქართული ოცნების“ მხრიდან. მართლაც ძალიან სამარცხვინოა, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში დააკავეს შეიარაღებული ძალების სარდალი, გენშტაბის მეთაური მინისტრის უკანა ოთახში საპირფარეშოს გვერდზე“, – განაცხადა მინაშვილმა.

სავარაუდოდ, ბრალის წაყენების პროცედურა  რამდენიმე საათს გასტანს, რის შემდეგაც ადვოკატები უკვე კონკრეტულად განაცხადებენ, თუ როგორი იქნება მათი დაცვის პოზიცია.