თბილისი, 8 იანვარი, საქინფორმი. იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინიციატივა სასამართლოებში ვიდეოგადაღების დაშვებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილების წარდგენას უწყება საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში გეგმავს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, განიხილება რამდენიმე ვარიანტი:
პირველი ვარიანტის მიხედვით, თავად სასამართლოს პრესსამსახურის კამერა გადაიღებს პროცესს და მოგვიანებით მასალას გაავრცელებს ყველა ტელევიზიისთვის; მეორე ვარიანტი გულისხმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის დასწრებას პროცესზე იმ პირობით, რომ მოგვიანებით მასალას სხვა ტელევიზიებისთვისაც გაავრცელებს, მესამე – შეუძლია ნებისმიერ კერძო ტელეკომპანიას, მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული თხოვნით, რომ გაშუქდეს მისთვის საინტერესო სასამართლო პროცესი.უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილის აზრით, ყველაფერი დამოკიდებულია მაინც სასამართლოზე. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად დაარღვევს მხარის ინტერესებს ვიდეოკამერა, რომელმაც შეიძლება გაიტანოს გარეთ კადრები ადამიანისა, რომელსაც სულაც არ სურს, და ეს მისი უფლებაა, გამოჩნდეს მთელი საზოგადოების წინაშე.
საიას ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ სასამართლო სხდომების გახსნა ფოტოვიდეოჩაწერისთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია მედიისთვის – შეეძლოს აუდიო და ვიდეოჩანაწერის მოპოვება, მით უმეტეს, „დღეს სასამართლო იმ კონდიციაშია, როდესაც საზოგადოებრივი კონტროლი საჭიროა“.
ტელეკომპანიები და მასმედიის წარმომადგენლები მიესალმებიან ცვლილებების განხორციელებას, თუმცა შენიშნავენ, რომ საჯარო უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ პროცესები, რომლებზეც საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს.