სამართალი
იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას კანონებში ცვლილებათა პაკეტი შესთავაზა

1-konferenc-samarTaa3თბილისი, 8 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას საჯარო განხილვისთვის 3 კანონში ცვლილებათა პაკეტი შესთავაზა. კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებები იზღუდება, საქართველოში მოქმედი სასჯელთა შეკრებითობის წესი იცვლება. ამ ინიციატივით იუსტიციის სამინისტრო გამოდის.

საჯარო განხილვას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილისთვის მიუღებელია იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტი. „წარმოდგენილ ცვლილებებს კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მიზეზი არის ის, რომ ამ ცვლილებებით იზღუდება სასამართლოს დამოუკიდებლობა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა უმრავლესობის უფლებები“, – განაცხადა კუბლაშვილმა. ის ასევე არ ეთანხმება მეორე პაკეტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც სასჯელის უპირობო შეკრებას ითვალისწინებს.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი წყება, „რომელიც გვინდა, მთავრობის ინიციატივით შევიდეს პარლამენტში, რათა შეიცვალოს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი, შეიცვალოს მოსამართლეთა ფორმირების ორგანო, რომელსაც ჰქვია იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რათა დაემსგავსოს რეალურად სკოლას და არ იყოს კონტროლირებადი ორგანო უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობის მიერ, რომ სტუდენტებს იქ შეეძლოთ რეალურად მოსამართლედ ჩამოყალიბება“.

საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი პოზიტიურ როლს ითამაშებს სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის ხელშეწყობაში.

კანონპროექტთა საჯარო განხილვისას გაჟღერდა ინიციატივა მედიის დასწრების თაობაზე სასამართლო პროცესებზე. პროექტი მუშავდება, რომლის მიხედვითაც, სასამართლო სხდომათა გადაღებებს აწარმოებს სასამართლო, შემდეგ კი მიაწვდის ტელევიზიებს.